
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლის დირექტორ ოგანეს მღდესიანისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს გარემო, სადაც მოსწავლე დისციპლინირებული, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული და სწავლაზე ორიენტირებულია. ამიტომ დირექტორი დადებითად აფასებს როგორც გაკვეთილებზე მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სასკოლო ფორმების შემოღებას და მიიჩნევს, რომ ორივე რეგულაცია სასწავლო გარემოსა და დისციპლინის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ოკამის N2 საჯარო სკოლაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ მოსწავლეები დროებით ოკამის N1 სკოლის შენობაში მე-2 ცვლაში სწავლობენ. დირექტორის თქმით, მოსწავლე-მასწავლებლები, სავარაუდოდ, მეორე სემესტრიდან საკუთარ შენობაში დაბრუნდებიან. ახალ წესებს კი სამაგალითოდ იცავენ და მოსწონთ.
„მოსწავლეებს აბსოლუტურად შეგნებული აქვთ, რომ სკოლაში ტელეფონი არ უნდა ატარონ. არის იშვიათი შემთხვევები, როცა მაღალი კლასის მოსწავლეებთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაკვეთილების დროს თიშავენ და სრულად მობილიზებულნი არიან სწავლაზე.
მივესალმები გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, რადგან მოსწავლეებმა ყურადღება სწავლაზე უნდა გაამახვილონ და არა იმაზე, ვინ დაურეკა, ვინ მისწერა ან რა სიახლე გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლემ უნდა ისწავლოს და განვითარდეს, იყოს მოტივირებული და ცოდნის მიღებაზე იყოს ორიენტირებული“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
ოგანეს მღდესიანი დადებითად აფასებს სასკოლო ფორმების შემოღებასაც, მისი თქმით, ახალი წესი სკოლაში თანასწორ გარემოს შექმნის.
„სამწუხაროდ, წელს პირველკლასელები არ გვყავს, თუმცა მეორე კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ველოდებით. მივესალმები სკოლებში ფორმების შემოღებას და მიმაჩნია, რომ ყველა მოსწავლეს ერთნაირი ფორმა უნდა ეცვას, რათა მათ შორის გარეგნული ნიშნით განსხვავება არ გამოიკვეთოს. მშობლებიც დადებითად შეხვდნენ ამ სიახლეს და ყველა ერთად ველოდებით, როდის დაინერგება ფორმები სრულად. მოსწავლეებიც არ არიან წინააღმდეგი და აღნიშნავენ, რომ სიამოვნებით ჩაიცვამენ. მოსწავლე თავისი იერსახით უნდა გამოირჩეოდეს, როგორც სასკოლო საზოგადოების წევრი, ხოლო სკოლაში თანასწორობის განცდას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. მიხარია ყველა ინიციატივა, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ორივე რეგულაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დისციპლინას მიეჩვიონ, რადგან ეს უნარი მათ შემდგომ ცხოვრებაშიც გამოადგებათ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.