
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის წიგნადი ფონდი გამდიდრდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კიდევ ერთი სასიამოვნო და მისაბაძი ამბავი მოხდა - ხაიშის სკოლის კურსდამთავრებულმა- ქრისტინე კვირიკაძემ სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა საჩუქრად.
სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ საჩუქარი, კურსდამთავრებულს მადლობას უხდიან და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
„წიგნის ჩუქება ცოდნის, სიკეთისა და გაზიარების კულტურის გამოხატულებაა. ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით მოსწავლემ გვაჩვენა, რომ სიკეთე სწორედ ასეთი გულწრფელი ქმედებებით იწყება. მის მიერ გაღებული საჩუქარი კი მომავალშიც ბევრ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, აღმოაჩინოს ახალი სამყარო, იმოგზაუროს სხვადასხვა დროში, შეიძინოს ცოდნა და შეიყვაროს კითხვა.
გვჯერა, რომ ასეთი მაგალითები ხელს უწყობს წიგნიერების პოპულარიზაციას, სასკოლო საზოგადოების გაძლიერებასა და იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომლებიც განათლებულ და მზრუნველ საზოგადოებას ქმნის.
მადლობა, ჩვენს საყვარელ მოსწავლეს ამ ლამაზი ინიციატივისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მიმართავენ.
„გახსოვდეთ, სკოლის ბიბლიოთეკის კარი ნებისმიერი მოსწავლისთვის ყოველთვის ღიაა, წიგნები კი მკითხველებს ახალ ემოციებს და თავგადასავლებს გპირდებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: