„ვფიქრობ, ფორმა სოციალურ განსხვავებას ამცირებს“- ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორი მალხას მალხასიანი
29-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორ მალხას მალხასიანისთვის მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა წარმატებული მომავალია.

მოსწავლეთა წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა კი მისი თქმით, სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა, თანასწორი გარემო და ცოდნის მიღებაზე კონცენტრეიბაა. სწორედ ამიტომ სკოლებში ტელეფონების აკრძალვასა და და სასკოლო ფორმების შემოღებას მიესალმება და დროულ გადაწყვეტილებას უწოდებს. 

მცირეკონტიგენტიანი სკოლის დირექტორის შეფასებით, მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი კონტინგენტის მქონე სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეთა ყურადღების სასწავლო პროცესზე კონცენტრირება უფრო რთულია.

„ჩვენს სკოლაში, ტელეფონების შეზღუდვის პრობლემა არასდროს ყოფილა, კლასში სადაც ორი მოსწავლე სწავლობს, მასწავლებლის ყურადღების მიღმა არაფერი რჩება. მაგრამ სკოლებში, სადაც 28 და მეტი მოსწავლე ზის, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ყურადღება არაფერზე გაეფანტოთ. მახარებს, რომ როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები ახალ წესს დადებითად შეხვდნენ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება სასკოლო ფორმებს, დირექტორი მიიჩნევს, რომ მათი შემოღება ბავშვებში თანასწორობის განცდას გააძლიერებს და მათ ყურადღებას ტანსაცმელზე ფიქრის ნაცვლად, სწავლაზე გადაიტანს.

„ფორმების შემოღებას ყველა დადებითად შეხვდა. პირველკლასელები მართლაც გამორჩევიან და მიხარია, რომ სასკოლო ფორმებს მალე მე-2 კლასელებიც მოირგებენ. 

ვფიქრობ, ფორმა მოსწავლეს თანასწორობის განცდას აძლევს, სოციალურ განსხვავებას ამცირებს. მოსწავლე სკოლაში, სრულად ორიენტირებული უნდა იყოს სწავლაზე და არა იმაზე თუ ვის რა აცვია და ვინ რას მისწერს.

მინდა, თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს, ამისთვის კი სწავლაა საჭირო, ამაზე ზრუნავს სკოლა, მშობლები და სახელმწიფო“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203