
27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღეა. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქუთაისმა უმასპინძლა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია და მასშტაბური გალა-კონცერტი, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებისთვის მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის N108 საჯარო სკოლის წარმომადგენლები - ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი პედაგოგი, პროფესორი რამაზ მეფარიშვილი და ქიმიისა და ბიოლოგიის მენტორი პედაგოგი, ქიმიის დოქტორი ლუსანა ლომაია.
„მასწავლებლის ეროვნული დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა მომავალი თაობების აღზრდაზე, ცოდნის გაზიარებაზე, ღირებულებების განმტკიცებასა და უკეთესი საზოგადოების შექმნაზე.
მასწავლებლის შრომის დაფასება ნიშნავს განათლების, განვითარების, ქვეყნის მომავლისა და იმ ადამიანების პატივისცემას, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ამ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ყველა მასწავლებელს ულოცავენ პროფესიულ დღეს.
„ვულოცავთ, ყველა მასწავლებელს პროფესიულ დღესასწაულს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით წარმატებებს, პროფესიულ წინსვლასა და უამრავ სასიხარულო დღეს, რომლებიც მოსწავლეთა წარმატებითა და მათი მიღწევებით იქნება გამორჩეული. მასწავლებელი ქმნის მომავალს! მასწავლებლის ეროვნული დღე - პროფესიის, ცოდნისა და მომავლის სამსახურში!“ - აღნიშნავენ სკოლაში.