
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ.
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ხეები დარგეს.
„დღეს ჩვენი პატარა პირველკლასელებისთვის კიდევ ერთი განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე იყო.
სკოლის ეზოში მათ 25 ნორჩი ნარგავი დარგეს - 25 პატარა სიცოცხლე, რომელიც მათთან ერთად გაიზრდება.
პატარა ხელებით დარგული თითოეული ნერგი სიყვარულის, ზრუნვისა და მომავლის სიმბოლოა. ბავშვებმა გაიგეს, რომ ხის დარგვა მხოლოდ მიწაში ნერგის ჩარგვა კი არა, სიცოცხლის შექმნა და მომავლისთვის სიკეთის დატოვებაა.
დღეს დარგული ნორჩი ხეები წლების შემდეგ დიდ და ლამაზ ხედ გადაიქცევა, ჩვენი პირველკლასელები კი ამაყად გაიხსენებენ: „ეს ხე ჩვენ დავრგეთ, როცა სკოლაში პირველად მოვედით.“
დაე, ეს 25 ნერგი მათ ბავშვობასთან ერთად გაიზარდოს, გაალამაზოს ჩვენი სკოლის ეზო და მომავალ თაობებსაც შეახსენოს, რომ ერთი პატარა კეთილი საქმე დიდ კვალს ტოვებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ინიციატივას მიესალმებიან.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
იხილეთ ვიდეო: