ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
VIII კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის - „HELLADOS“ - ეპიზოდური ლიტერატურული პერსონაჟის, ხრისტო ალექსანდრიდის გასამართლება.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად. პროცესის მსვლელობისას თითოეულმა მხარემ საკუთარი სამართლებრივი და მორალური არგუმენტები წარადგინა, დაიკითხა, ასევე, თავად „განსასჯელიც“ - ხრისტო ალექსანდრიდი, რამაც შეხვედრას მეტი ექსპრესიულობა და ემოციური დატვირთვა შესძინა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს პრაქტიკულად გამოეყენებინათ მიღებული სამართლებრივი ცოდნა, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის, როლური თამაშისა და გუნდური მუშაობის უნარები, ასევე, - უკეთ გაეაზრებინათ ბავშვის უფლებებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ლიტერატურისა და სამართლის ინტეგრირებულ სწავლებას, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მათ აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
„დიდი მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის! თქვენი მონდომება და ძალისხმევა ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია! გისურვებთ წარმატებებს სამომავლოდ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: