
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა სიხარულითა და დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა სახელმწიფო პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“, რომელიც მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების სიყვარულის გაღვივებასა და მწვანე მომავლის შექმნას ემსახურება.
სკოლის პირველკლასელებისთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. პატარა ხელებით, დიდი მონდომებითა და სიყვარულით მათ სკოლის ეზოში თავიანთი პირველი ნერგები დარგეს.
ნერგების დარგვის პროცესში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და პირველი კლასის დამრიგებელი მარიამ ტაბატაძე. პატარებს დახმარებას უწევდნენ სკოლის დიასახლისებიც, რომლებმაც თავიანთი მზრუნველობითა და თანადგომით ეს დღე კიდევ უფრო თბილი და განსაკუთრებული გახადეს.
ყველაზე ამაღელვებელი კი პირველკლასელების გულწრფელი დაპირება იყო: ისინი სიყვარულით მოუვლიან თავიანთ ნერგებს, მორწყავენ, გაუფრთხილდებიან და მათთან ერთად გაიზრდებიან!
როგორც სკოლის ხელმძღვანელი გვეუბნება, ეს დღე მხოლოდ ხეების დარგვა არ ყოფილა. ეს იყო პასუხისმგებლობის, შრომის, ერთიანობისა და ბუნების სიყვარულის ცოცხალი გაკვეთილი, რომელიც პატარების მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.
„გულწრფელი მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის.
მადლობა პირველი კლასის დამრიგებელს, მარიამ ტაბატაძეს, სკოლის დიასახლისებსა და თითოეულ პატარა მონაწილეს მონდომებისთვის, მზრუნველობისა და ამ ლამაზი დღის შექმნისთვის!
გაივლის წლები... ჩვენი პირველკლასელები გაიზრდებიან, მათი პატარა ნერგები კი დიდ, ლამაზ ხეებად იქცევიან. ერთ დღესაც, უკვე გაზრდილები, დაბრუნდებიან სკოლის ეზოში, შეხედავენ საკუთარი ხელით დარგულ ხეებს და სიამაყით იტყვიან: „ეს ჩემი პირველი ნერგია, მე დავრგე და გავზარდე!“
დაე, თითოეული ნერგი ჩვენი ბავშვების ბედნიერი მომავლის, კეთილი საქმეებისა და მშობლიური სკოლის სიყვარულის სიმბოლოდ იქცეს!
პატარა ხელები, დიდი გულები და ერთი ლამაზი დაპირება: „ჩვენ ერთად გავიზრდებით!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: