თაობათა ცოცხალი ხიდი და უსაზღვრო მადლიერება - ბახვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს პროექტი მიეძღვნა 
28-10-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ბახვის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სითბო და სიხარული ტრიალებდა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ნანა ჭელიძესთან ერთად, განახორციელეს ემოციური და მეტად ღირებული პროექტი „მადლობთ, მასწავლებელო!“.

პატარებმა მოინახულეს ბახვის საჯარო სკოლიდან დამსახურებულ პენსიაზე გასული, ღვაწლმოსილი და ყველასთვის საყვარელი პედაგოგები - ნაზი დოლიძე და ლია ზაქარიაძე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არ იყო უბრალოდ სტუმრობა - ეს იყო თაობათა გულწრფელი შეხვედრა, მონატრების ცრემლი, ბავშვური ღიმილი და უდიდესი პატივისცემა. მოსწავლეებმა მათ მიულოცეს პროფესიული დღე, წაუკითხეს ლექსები და საკუთარი პატარა, თუმცა უზარმაზარი გულებით მადლობა გადაუხადეს იმ დაუღალავი შრომისთვის, სიყვარულისა და ამაგისთვის, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში უშურველად გასცემდნენ.

„მასწავლებლის სახელი ხომ წარსულ დროში არასდროს ითქმის - მათი დათესილი სიკეთე და ცოდნა კვლავაც ცოცხლობს თითოეულ აღზრდილ თაობაში.

დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის, ხოლო მეხუთეკლასელებსა და მათ ხელმძღვანელს ასეთი ამაღელვებელი, კეთილშობილური და სამაგალითო ინიციატივისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203