შემოდგომის ფერებში გაცოცხლებული იმერული ტრადიციები - ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი საშემოდგომო თავგადასავალი 
28-10-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი ტურით ესტუმრნენ -„ეთნო საზანოს“, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, ახლოს გაცნობოდნენ იმერულ ტრადიციებსა და შემოდგომის მრავალფეროვან საქმიანობას.

ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან ბავშვებმა თავად მიიღეს მონაწილეობა რთველთან დაკავშირებულ ტრადიციულ პროცესებში. მათ დაკრიფეს ყურძენი, მონაწილეობა მიიღეს მის დაწურვაში, გაეცნენ ფელამუშის მომზადებისა და ჩურჩხელის ამოვლების წესებს. მოსწავლეებმა ასევე იხილეს თონეში პურისა და ხაჭაპურის ცხობის პროცესი და ქართული ტრადიციული სამზარეულოს საიდუმლოებებს ეზიარნენ.

მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს იმერული ოდა, მარანი და ნალია, რომლებმაც მათ ძველი ქართული ყოფისა და ცხოვრების წესის შესახებ საინტერესო წარმოდგენა შეუქმნა.

მასპინძლებმა ბავშვებს გააცნეს იმერული სტუმართმოყვარეობის წესები და ტრადიციები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ტურის განმავლობაში მოსწავლეებმა არა მხოლოდ ახალი ცოდნა შეიძინეს, არამედ საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნეს შრომის, ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობა. ვიზიტის დასასრულს მათ შემოდგომის თემაზე შექმნილი მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს, რითაც სტუმრებს შემოქმედებითი ნიჭი და სიყვარული გაუზიარეს.

„ეს დღე ბავშვებისთვის ცოდნით, შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით დატვირთულ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა. „ეთნო საზანოში“ სტუმრობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტრადიციების გაცნობა და დაფასება მომავალი თაობის ეროვნული ცნობიერებისა და კულტურული თვითმყოფადობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საფუძველია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203