ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, სადაც სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, მედიაწიგნიერების კვირეული მრავალფეროვანი და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობებით აღინიშნა.
კვირეულის მიზანი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ყალბი და სანდო ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევისა და ინფორმაციის გადამოწმების უნარების გაძლიერება იყო.
მოსწავლეები გაეცნენ საინფორმაციო პოსტერებს, რომლებშიც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი ყალბი და ნამდვილი ამბების ამოცნობის გზები.
მოსწავლეებმა განიხილეს რეალური მაგალითები, იმსჯელეს დეზინფორმაციის საფრთხეებზე და იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სანდო წყაროებთან გადამოწმება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა შემეცნებითი თამაში „დოქტორ ფეიკი“ იყო. თამაშის საშუალებით მოსწავლეებმა პრაქტიკულად გამოსცადეს, როგორ ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია და კრიტიკულად შეაფასონ მიღებული ცნობები.
„მედიაწიგნიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის, რადგან მედიასივრცეში ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ხელმისაწვდომი ადაპტირებული კონტენტი - სუბტიტრები, ჟესტური ენის თარგმანი და ვიზუალურად ადაპტირებული საინფორმაციო მასალები. ეს ბარიერები მათ სანდო ინფორმაციაზე წვდომას და მის სრულფასოვან გააზრებას ართულებს“,- ამბობენ სკოლაში და დასძენენ, რომ მედიაწიგნიერება ყველასთვის მნიშვნელოვანია.
„ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უნარი, ამოიცნოს დეზინფორმაცია, გადაამოწმოს ინფორმაცია და უსაფრთხოდ იმოქმედოს ციფრულ სამყაროში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: