
სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღია - დღე, რომელიც გვახსენებს ომის ტრაგედიას, იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა ტკივილსა და სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
ამ ისტორიული თარიღის გახსენებას მიეძღვნა რუსთავის №3 საჯარო სკოლაში, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვანი, ემოციური და შინაარსიანი პროგრამით გამოირჩეოდა. ღონისძიების მიზანი იყო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, წარსულის გააზრება და მომავალი თაობისთვის იმ ღირებულებების შეხსენება, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს, ერთიანობასა და თავისუფლებას უკავშირდება.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, წარმოადგინეს დოკუმენტური კადრები და შეასრულეს სიმღერები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გააცოცხლა აფხაზეთის ტრაგიკული ისტორიის მოგონებები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სპექტაკლს - „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“, რომელმაც მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენა ომისგან დატოვებული იარები, დაკარგული სახლები და ის სევდა, რომელიც დღემდე თან სდევს ჩვენს ქვეყანას.
განსაკუთრებით ემოციური იყო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გახსენება. მისი სახელი ვაჟკაცობის, ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და უდრეკი სულის სიმბოლოდ რჩება. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფასეულობებს, რომელთა დაცვასაც მისი ცხოვრება და გმირული აღსასრული განასახიერებს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სიტყვები წარმოთქვეს, რომლებიც მთელი დღის სათქმელს აერთიანებდა: „ჩვენ დაკარგულად ვერ ჩავთვლით იმას, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია“.
ამ სიტყვებით მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს რწმენა, რომ ისტორიული მეხსიერება არ ქრება, ეროვნული იდენტობა თაობიდან თაობას გადაეცემა, ხოლო სამშობლოს ერთიანობის იდეა მომავალშიც მნიშვნელოვანი ღირებულება იქნება.
„რუსთავის №3 საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა არ ყოფილა. იგი იყო წარსულის გააზრების, გმირების ხსოვნის პატივისცემისა და მომავალი თაობის ეროვნული ცნობიერების გაძლიერების მცდელობა. მოსწავლეთა მიერ წარმოთქმული სიტყვები, ლექსები, სიმღერები და სცენური წარმოდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ისტორიის ცოდნა მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე.
აფხაზეთი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და საერთო მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. მისი ტკივილი საქართველოს ტკივილია, ხოლო მშვიდობის, თანადგომისა და ერთიანობის რწმენა - ჩვენი მომავლის იმედი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა მელელაშვილი.
იხილეთ ფოტოები: