
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან.
სკოლაში წარმატებით დასრულდა პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“. მოსწავლე-მასწავლებლება პროექტის შედეგები კონფერენციაზე შეაჯამეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლისთვის შეხვედრა განსაკუთრებით ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
შემაჯამებელ კონფერენციაზე წარადგინეს წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები სამივე ძირითადი მიმართულებით, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
განსაკუთრებული აღიარება და მადლობა კი ეკუთვნით ჩვენს XI კლასის მოსწავლეებს: ნატალი ნადირაძეს, ნათია ფარქოსაძესა და თინათინ ნოზაძეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გოგონებმა საოცარი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და უმაღლეს დონეზე ღირსეულად წარადგინეს სკოლა კონფერენციაზე.
„ისინი არიან ნამდვილი აღმოჩენა და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენად დიდია ახალგაზრდების პოტენციალი, მოქალაქეობრივი ცნობიერება და სწრაფვა დადებითი ცვლილებებისკენ!“,- გვეუბნებიან სკოლაში.
ღონისძიების მეორე ეტაპზე გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც სკოლა კიდევ ერთხელ ღირსეულად წარადგინეს სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელმა და მოსწავლემ თინათინ ნოზაძემ.
დისკუსიას ესწრებოდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში - უილიამ მასოლინი, რომელიც ძალიან დაინტერესდა მოსწავლეთა პროექტებით და განსაკუთრებით დადებითად შეაფასა მათი ინიციატივები.
„კონფერენციაზე გავეცანით სხვა სკოლების საუკეთესო პრაქტიკას, რომელთა ნაწილს სიამოვნებით დავნერგავთ ჩვენს სკოლაშიც. გარდა ამისა, ჩავერთეთ საინტერესო ტრენინგებსა და სახალისო, ინტერაქციულ აქტივობებში, რაც სამომავლო პროექტების უკეთ დაგეგმვაში დაგვეხმარება.
ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი ინიციატივა „სკოლის ომბუდსმენი“ გამოყენებულია ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ოფიციალურ სამოქმედო გეგმაში!
ეს არის ჩვენი სასკოლო საზოგადოების დაუღალავი შრომისა და ნოვატორული იდეების უდიდესი აღიარება“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორებს, ტრენერებს, ფასილიტატორ რუსუდან ლომთაძეს, სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის.
პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ ფოტოები: