
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2027 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ჩამონათვალს იტალიური ენა დაემატება. ცვლილების შედეგად, აბიტურიენტებს უცხოური ენის გამოცდის ჩაბარება ხუთ ენაში შეეძლებათ: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ ან იტალიურ ენაში.
ცენტრის განცხადებით, იტალიური ენის საგამოცდო ტესტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სპეციალისტები ამზადებენ დავალებებს, ხოლო საგამოცდო პროგრამა და ტესტის კრებული ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ იტალიურ ენაში მასწავლებლის გამოცდა 2023 წლიდან ტარდება.
„ამ გამოცდილებისა და სკოლებში იტალიური ენის სწავლების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2027 წლიდან იტალიური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ჩამონათვალშიც შევიდეს“,- აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.