
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამთა მიქავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ენერგოეფექტურობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიება პროექტის „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში (SUD)“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ღონისძიების მიზანი ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის გააზრება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაცია იყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში. მათ შესაძლებლობა მიეცათ, გაეღრმავებინათ ცოდნა ენერგიის გონივრული გამოყენებისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ.
აქტიურობამ, ცოდნამ და გუნდურმა თანამშრომლობამ მოსწავლეებს არაერთი წარმატება მოუტანა და მათ სხვადასხვა პრიზი დაიმსახურეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მათთვის საინტერესო გამოცდილებად იქცა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თითოეული ადამიანის როლს ენერგიის დაზოგვასა და გარემოს დაცვაში.
„ვულოცავთ, მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ მათი ცოდნა, აქტიურობა და გარემოზე ზრუნვის სურვილი მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის საფუძველი გახდეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.