მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
26-10-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების“ პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.

მონაწილეებმა პროგრამის შინაარსისა და სტრუქტურის გაუმჯობესების შესახებ მოსაზრებები, მიგნებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. მათი უკუკავშირი „პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ საბოლოო ვერსიაში იქნება გათვალისწინებული.

პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს დაეხმარება, განივითარონ სასწავლო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვის, ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებისა და პროფესიულ სტუდენტთა შეფასების უნარები, მიღებული ცოდნა კი პრაქტიკაში გამოიყენონ.

ამასთანავე, პროგრამა ხელს შეუწყობს მასწავლებლებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაანალიზებაში, ობიექტური თვითშეფასებისა და პროფესიული განვითარების პროცესის წარმართვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203