„როდესაც ოჯახს აქვს მკაფიო სურათი, როგორ მუშაობს ბავშვი ყოველდღიურად, სკოლის მიმართ ნდობაც იზრდება“ - ერეკლე ჯიქია, დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი
22-10-2026
ნებისმიერი საგანმანათლებლო რეფორმის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად ერგება იგი სასკოლო საზოგადოების ყოველდღიურობას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლაში სიახლეებს მაღალი პასუხისმგებლობით ხვდებიან. სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგებისთვის კი უმთავრესი ხარისხიანი სწავლება და ბავშვზე ორიენტირებული გარემოა. 
მიმდინარე ცვლილებებსა და სასკოლო ცხოვრებაში მათ ასახვაზე საუბრობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი ერეკლე ჯიქია.
 
მისი დაკვირვებით, ახალმა მოდელმა მნიშვნელოვნად შეცვალა მშობლების როლი და მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში:
 
„მშობლების მხრიდან უკმაყოფილება ნამდვილად არ იგრძნობა, პირიქით - მათთვის ეს სიახლე მისაღები აღმოჩნდა. როდესაც ოჯახს აქვს მკაფიო სურათი, თუ როგორ მუშაობს ბავშვი ყოველდღიურად საკლასო ოთახსა თუ სახლში, სკოლის მიმართ ნდობაც იზრდება. თუმცა, აქვე უნდა დავინახოთ მეორე მხარეც: რეფორმამ და ახალმა მოთხოვნებმა ბავშვების ყოველდღიური გრაფიკი საგრძნობლად დატვირთა“, - აღნიშნავს ერეკლე ჯიქია.
 
დირექტორი ხაზს უსვამს, რომ მოსწავლეთა დიდი სასწავლო დატვირთვა ამ ეტაპზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რაც მასწავლებლებისგან მოქნილ მიდგომებს მოითხოვს. მისი თქმით, წინსვლა და განათლების ხარისხის ამაღლება მუდმივი განახლების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ამ გზაზე მოსწავლის ინტერესები არ უნდა დაზიანდე; აქედან გამომდინარე, დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ სამკომპონენტიანი შეფასების პირობებშიც კი, სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის საინტერესო და ნაკლებად სტრესული იყოს, რათა მაღალმა აკადემიურმა ხარისხმა მოსწავლეების გადაღლა არ გამოიწვიოს.
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203