
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი სასწავლო წელს მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნით იწყებს და მათი ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრითა და მოტივაციის ამაღლებით აგრძელებს.
მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა თავი დაფასებულად იგრძნონ, ამიტომ მათ მონდომებას ყოველთვის აღნიშნავს, მათ აზრსა და ინტერესებს ითვალისწინებს. ამ მიდგომებით კი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას თუ რა არის სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ხდის გაკვეთილს წარმატებულად და როგორ ვაქციოთ მოწაფეებისთვის სწავლა სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა და მოტივაციის ამაღლება.
-გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- სასწავლო მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე - კერძოდ, რა უნდა იცოდნენ, შეძლონ და გააცნობიერონ მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს.
-გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მთავარ როლში მოსწავლეები არიან, დასახული მიზანი მიღწეულია, სწავლა მათ ინტერესებს შეესაბამება, ხოლო ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი და დროის გასვლას ვერ ამჩნევენ.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- აფასებენ მის შრომას, ამჩნევენ და სჯერათ მისი წარმატების, უსმენენ მის აზრს,
- სწავლა ნამდვილად სიხარულად იქცევა მაშინ, როდესაც...
- ის შინაგან ინტერესსა და აღმოჩენის აზარტს უკავშირდება.