„ფორმებმა სკოლაში განსხვავებული აკადემიური გარემო დაამკვიდრა, თუმცა ბავშვებს შეგუება დასჭირდათ“ - ფიქრია კურტანიძე, აზმანის სკოლის დირექტორი
21-10-2026

თითქმის ორი თვეა დაიწყო სასწავლო წელი და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები მოიტანა სკოლებში უნიფორმის დამკვიდრებამ. ყოველი ახალი ინიციატივის დანერგვა გარკვეულ გამოწვევებთან რომ არის დაკავშირებული, არავინ უარყოფს; მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აზმანის საჯარო სკოლის დირექტორის, ფიქრია კურტანიძის თქმით, ფორმების შემოღებისას, თავდაპირველად, ერთგვარი შეჩვევის ფაქტორი არსებობდა - ბავშვებს სჭირდებოდათ დრო ახალ იმიჯსა და ყოველდღიურ სტანდარტთან შესაგუებლად. თუმცა, ადაპტაციის პერიოდმა მალევე ჩაიარა, მოსწავლეებმა ახალი სამოსი სიყვარულით მიიღეს და დღეს ის მათი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ფორმების შემოღების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ბულინგის პრევენცია დასახელდა, თუმცა ქალბატონი ფიქრია აღნიშნავს, რომ აზმანის სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სადაც ბავშვები ერთმანეთს კარგად იცნობენ და სამოსის გამო უთანხმოება ან ჩაგვრა მანამდეც არასდროს ყოფილა. მიუხედავად ამისა, ფორმებმა სკოლაში სრულიად ახალი ტიპის წესრიგი და აკადემიური გარემო დაამკვიდრა.

„გარდა ამისა, ამ სიახლემ საგრძნობლად შეუმსუბუქა ფინანსური ტვირთი მშობლებს - სასწავლო წლის დასაწყისში ყოველდღიური ტანსაცმლის ყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები, ასე თუ ისე, შემცირდა, რამაც ოჯახებს გარკვეული შეღავათი მისცა“, - გვიმხელს დირექტორი და დასძენს:

„სტანდარტული ფორმის ფარგლებში ბავშვებმა მაინც იპოვეს საკუთარი ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვნების გამოხატვის გზა, რაც მათ ასე ძალიან უყვართ... სკოლაში საინტერესო ტენდენცია დამკვიდრდა: პირველკლასელები, რომლებიც აღფრთოვანებით უყურებენ უფროსკლასელებს, ხშირად იცვლიან ფორმის შიდა მაისურებს, პერანგებს... ეს პატარა, ფერადი დეტალი მათ საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, დაიცვან სასკოლო დრესკოდი, ხოლო მეორე მხრივ - სამოსს პირადი შტრიხები და მრავალფეროვნება შემატონ“.

საბოლოო ჯამში, ფიქრია ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, აზმანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორი მიდგომითა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერი სიახლე წარმატებულ რეფორმად იქცევა. უფორმა სკოლაში არა შეზღუდვის, არამედ ორგანიზებულობის, თანამედროვეობისა და ერთმანეთისადმი პატივისცემის სიმბოლოდ იქცა, რაც მოსწავლეებს ყოველდღიურად აძლევს მოტივაციას, უკეთ ისწავლონ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203