„როდესაც მშობელი ხედავს, მის შვილს განათლების მისაღებად ინტერნეტიც კი არ აქვს, იძულებული ხდება დატოვოს სოფელი“- თენგიზ გობაძე გომაროს სკოლის დირექტორი
20-10-2026

განათლების სისტემაში ყოველი ახალი რეფორმა პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალობის მიღმა ხშირად გარკვეული გამოწვევები იმალება. მოსწავლეთა შეფასების ახალი, სამკომპონენტიანი მოდელი, რომელიც საშინაო დავალებებში ნიშნების დაწერას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას: რამდენად მზად არის სასკოლო ინფრასტრუქტურა სიახლეებისთვის?

ადიგენის მუნიციპალიტეტის, გომაროს საჯარო სკოლის დირექტორი, თენგიზ გობაძე Etaloni-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სიახლეები განათლებაში კარგია, თუმცა ნებისმიერი იდეის წარმატება პირდაპირ კავშირშია იმ რესურსებთან, რაც ადგილზე მოგვეპოვება.

„თვითონ იდეა, რომ საშინაო დავალება მეტად დაფასდეს და მშობელიც აქტიურად იყოს საქმის კურსში, თუ რას და როგორ სწავლობს მისი შვილი, ნამდვილად დადებითია. ეს ზრდის პასუხისმგებლობას და აძლიერებს კავშირს სკოლასა და ოჯახს შორის. მაგრამ როდესაც საქმე სოფლებზე, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებზე მიდგება, თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს სცილდება. რეალობა ისაა, რომ მთაში ბავშვების ნაწილს ელემენტარული პირობები - ტელეფონი და კომპიუტერი არ გააჩნია, ინტერნეტიც პრობლემაა“, - ამბობს ბატონი თენგიზი და დასძენს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ციფრული შეფასება თუ დავალებების კონტროლი მასწავლებლებისთვის დამატებით ფიზიკურ შრომად იქცევა:

„მათ მოუწევთ თითოეული ნამუშევრის ხელით, ფიზიკურად შემოწმება და უზარმაზარი რესურსის ხარჯვა, რაც პედაგოგის ისედაც დატვირთულ გრაფიკს კიდევ უფრო ამძიმებს“.

თენგიზ გობაძე გვიმხელს, მისი ნება რომ იყოს, სიამოვნებით გააციფრულებდა ყველაფერს, რადგან თანამედროვე სამყარო ამას მოითხოვს. თუმცა, დღევანდელი რეალობა არ გვაძლევს საფუძველს, რომ მხოლოდ ენთუზიაზმით ვიხელმძღვანელოთ:

„როდესაც მშობელი ხედავს, რომ მის შვილს მთაში განათლების მისაღებად ელემენტარული ტექნიკა და ინტერნეტიც კი არ აქვს, იძულებული ხდება მძიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ტოვებს მშობლიურ კერას, მთას და მიდის დიდ ქალაქში, რათა შვილისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს. შვილის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის გაღებული ეს მსხვერპლი კი სოფლებს სასიცოცხლო ენერგიისგან ცლის.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის. რეფორმებს სჭირდება არა მხოლოდ კარგი იდეები, არამედ მყარი ნიადაგი, რათა სოფლებმა შეინარჩუნონ თავისი შვილები და სკოლის ზარმა კვლავ დიდხანს დარეკოს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203