
თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გავლითი აქტივობა მოეწყო.
18 ოქტომბერს, მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგების - ი. წამალაშვილის, მ. ცნობილაძისა და ნ. დილიმაშვილის ორგანიზებით, პროექტის - „წყაროდან - ბოთლამდე“ ფარგლებში, სოფელ ყვიბისში, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა.
მოსწავლეებმა ადგილზე მიიღეს ინფორმაცია საწარმოო პროცესის სრული ციკლის შესახებ — მიწისქვეშა წყაროებიდან მინერალური წყლის მოპოვებიდან მის დამუშავებამდე, ჩამოსხმამდე, შეფუთვასა და ტრანსპორტირებამდე. მათ დაათვალიერეს საწარმოში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, დანადგარები და ავტომატიზებული საწარმოო ხაზები.
ექსკურსიამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ, უკეთ გაეაზრებინათ სამეცნიერო ცოდნის როლი წარმოებაში და გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიღებული ცოდნისა და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად მოსწავლეები შემდგომ შექმნიან პოსტერებს, ესეებსა და ჩანახატებს, რომლებსაც თანატოლებს წარუდგენენ.
„მსგავსი სასწავლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის რეალურ გარემოსთან დაკავშირებას“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: