„ფორმების შემოღებით და მობილურების შეზღუდვით სკოლა სკოლას დაემსგავსა, მოსწავლე კი - მოსწავლეს“, - კახა გიორხელიძე, ძეძილეთის სკოლის დირექტორი
20-10-2026

წელს საქართველოს ყველა სკოლა განსაკუთრებული სიახლეებით შეხვდა სასწავლო პროცესს, სასკოლო ფორმების დამკვიდრება, მობილურების შეზღუდვა, ახალი სახელმძღვანელოები... რეფორმის მხოლოდ დასაწყისია და შედეგებზე საუბარიც ჯერ ადრეა, თუმცა გარკვეული კონტურები უკვე იკვეთება. ხონის მუნიციპალიტეტის, ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი, კახა გიორხელიძე ცვლილებებს etaloni.ge-სთან მიმოიხილავს.

სასკოლო ფორმა: თანასწორობისა და აკადემიურობის სიმბოლო

კახა გიორხელიძე აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა სკოლის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა: „როდესაც მოსწავლეები ერთნაირ, მოწესრიგებულ სასკოლო ფორმაში გამოწყობილები შედიან სკოლაში, ეს მაშინვე სხვაგვარ განწყობას ქმნის. ქრება სოციალური სხვაობის ყოველგვარი განცდა - აქ ყველა თანასწორია. ფორმა ბავშვებს პასუხისმგებლობას მატებს და სკოლისადმი კუთვნილების გრძნობას უძლიერებს. სკოლა სკოლას ემსგავსება, მოსწავლე კი - მოსწავლეს“.

მობილური ტელეფონების შეზღუდვა - გაცოცხლებული სასკოლო გარემო

კიდევ ერთი სიახლე მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვაა. გაკვეთილების დაწყებამდე ბავშვები ტელეფონებს სპეციალურად გამოყოფილ კარადებში ტოვებენ და მათ მხოლოდ სასწავლო დღის დასრულების შემდეგ იბრუნებენ.

„ბავშვებს ტელეფონებისკენ აღარ გაურბით თვალი“, - ღიმილით ამბობს დირექტორი და დასძენს: „მანამდე დასვენებებზე ყველა ეკრანს იყო მიჩერებული, ვირტუალურ სამყაროში იყვნენ ჩაკეტილები. ახლა სკოლაში ნამდვილი სიცოცხლე დაბრუნდა. ბავშვები ერთმანეთს ელაპარაკებიან, ეზოში თამაშობენ, წიგნებს კითხულობენ და რაც მთავარია, გაკვეთილებზე მათი კონცენტრაცია ასპროცენტიანია“.

მასწავლებლები - ცვლილებების მთავარი დასაყრდენი

რა თქმა უნდა, რეფორმების წარმატებით განხორციელება წარმოუდგენელია სკოლის პროფესიონალი პედაგოგების გარეშე, რასაც ბატონი კახა ხაზგასმით აღნიშნავს; ჩვენ კი დავძენთ, რომ ძეძილეთის საჯარო სკოლა არის განათლების კერა, სადაც წესრიგი, ურთიერთპატივისცემა და განათლებისადმი სიყვარულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203