მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის N1 საჯარო სკოლა, რომელიც ღირსეულად ატარებს რომან ზოიძის სახელს, რეგიონში ერთ-ერთ სამაგალითო საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს. სკოლის დირექტორი, შალვა ფუტკარაძე კი მუდამ ორიენტირებულია ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მოსწავლე თავს რეალიზებულად და დაფასებულად იგრძნობს.
Etaloni.ge-სთან საუბრისას, ბატონი შალვა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ხედვის ნაწილია სასკოლო ფორმების შემოღების ინიციატივა, რომელმაც საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი და პოზიტიური გარდატეხა შეიტანა.
„ფორმების შემოღებამ პირველ რიგში სოციალური ბარიერები მოხსნა და მოსწავლეებში თანასწორობის განცდა გააძლიერა. ფაქტია - როდესაც ბავშვები ერთნაირად არიან შემოსილნი, მინიმუმამდეა მატერიალური სტატუსით გამოწვეული სხვაობა, ეს კი ხელს უწყობს ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანიც ხომ ესაა - ყოველი მოსწავლისთვის წინა პლანზე იყოს პიროვნება, ნიჭი, შინაგანი სამყარო და არა ტანსცმელი... სწავლის დაწყებიდან თვე და მეტია გასული, ამიტომ შედეგებზე მსჯელობა, ასე თუ ისე შეგვიძლია - სკოლებში მკვეთრად ამაღლდა გუნდურობის პრინციპი“, - აცხადებს დირექტორი.
დისციპლინისა და აკადემიური კონცენტრაციის თვალსაზრისით, სასკოლო ფორმამ ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ბატონი შალვას თქმით, „ერთიანი სამოსი მოსწავლეებს ეხმარება, იყვნენ მეტად ორგანიზებულნი და კონცენტრირებულნი სწავლზე; გარდა ამისა, სიახლეს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მხრიდანაც, რადგან ყოველდღიური ჩაცმულობის შერჩევასთან დაკავშირებული საზრუნავი სრულიად მოიხსნა“.
ჩვენ კი დავძენთ - დღეს რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლაში ფორმა მხოლოდ სამოსი არ არის - ის წარმატების სიმბოლოა. დირექტორის, შალვა ფუტკარაძის ეფექტური მართვისა და თანამედროვე მიდგომების წყალობით კი, სკოლა აგრძელებს განვითარებას და ცხადყოფს, რომ სწორი ინოვაციებით შესაძლებელია საუკეთესო სასწავლო ატმოსფეროს შექმნა, სადაც ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის.