„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“
19-10-2026

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონკურსის დეტალებზე მასწავლებლის სახლის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შენარჩუნება გამოწვევაა, „კვალიფიციური  მასწავლებლის არარსებობა კი ხელს უშლის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“.

ხუციშვილის განმარტებით, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, თუმცა „კვლავ გვაქვს ისეთი სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან საგანს ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი... ამ გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტრო წლებია, ახორციელებს პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“. წელსაც 80 ვაკანტური ადგილი გამოცხადდა; თბილისისა და შიდა ქართლის გარდა ყველა რეგიონში გვაქვს ვაკანტური ადგილები, ყველა საგნის მიმართულებით“.

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის თქმით, კანდიდატი უნდა იყოს კვლიფიციური, ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია და აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილ მოთხოვნებს:

„შესაძლებელია, კანდიდატი არ იყოს დასაქმებული სკოლაში, მაგრამ აკმაყოფილებდეს ყველა პირობას იმისთვის, რომ გახდეს მასწავლებელი... პროგრამის უპირატესობა ისაა, რომ სხვა რეგიონიდან მივლენილ პედაგოგს, გარდა იმისა რომ სკოლა უხდის ხელფასს, მასწავლებლის სახლი დამატებით ანაზღაურების სახით გადაუხდის ყოველთვიურად 1600 ლარის ოდენობით. 19 ოქტომბერს პროგრამაზე განაცხადების მიღება სრულდება“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203