ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს, რომელიც მათ თვითგამორკვევაში დაეხმარა.
მე-11 კლასის მოსწავლე ელენა დურგარიანი გვიზიარებს საკუთარ აზრს აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებით.
„ჩემთვის ეს სამუშაო საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი იყო, რადგან უკვე მე-11 კლასში ვართ და უნივერსიტეტის არჩევის საკითხი ჩვენთვის თანდათან უფრო აქტუალური ხდება. ვფიქრობ, ამ ასაკში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომავალ პროფესიაზე ფიქრი, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის, მათი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ჩაბარების პირობების შესწავლაც. ეს სამუშაო კი დამეხმარა, უკეთ გამეაზრებინა, რა შესაძლებლობები გვაქვს და რამდენად მნიშვნელოვანია მომავალთან დაკავშირებით გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ გუნდური მუშაობის საშუალებით შევძელით ინფორმაციის მოძიება, განხილვა და ჩვენი კვლევის შედეგების წარდგენა“,- გვეუბნება მოსწავლე.