„მოზარდებისთვის თვითგამოხატვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს სკოლის შინაგანაწესი“ - მაყვალა გელაშვილი ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე
16-10-2026

სასკოლო ფორმის შემოღებას მოსწავლეთა ნაწილი მარტივად ეგუება, ნაწილისთვის კი ჩაცმულობასთან დაკავშირებული წესები დღემდე განხილვისა და უთანხმოების საგანია. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დირექტორის მაყვალა გელაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსკლასელებთან ჩაცმის კულტურაზე საუბარი, რადგან პირადი სტილის გამოხატვა და სკოლის შინაგანაწესის დაცვა ყოველთვის თანხვედრაში არ მოდის.

„სასკოლო ფორმის შემოღებას დადებითად ვაფასებ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პირველკლასელებმა ახალი რეგულაცია კარგად მიიღეს და სასკოლო გარემოს ამ ნაწილს ბუნებრივად შეეგუენ. ვფიქრობ, ფორმა გარკვეულწილად ქმნის ერთიანობის განცდას და ამცირებს მოსწავლეებს შორის ჩაცმულობით გამოწვეულ განსხვავებებს.

თუმცა, როდესაც საქმე უფროსკლასელებს ეხება, საკითხი უფრო რთულია. ამ ასაკში მოზარდებისთვის თვითგამოხატვა, საკუთარი სტილის ძიება და თანატოლებისგან გამორჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ბუნებრივი პროცესია და მისი უგულებელყოფა არასწორი იქნებოდა. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც პირადი სტილის გამოხატვა სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ მოთხოვნებს სცდება. სწორედ აქ გვიწევს ყველაზე ხშირად წინააღმდეგობებთან შეჯახება.

ზოგჯერ მოსწავლესაც და მშობელსაც უჭირს იმის გაგება, რატომ არ უნდა ეცვას მოზარდს ისე, როგორც თავად სურს. მესმის, რომ ყველას აქვს საკუთარი გემოვნება და ინდივიდუალობის გამოხატვის სურვილი, მაგრამ სკოლა მხოლოდ სივრცე არ არის, სადაც მოსწავლე საკუთარ სურვილებს ახორციელებს. ეს არის გარემო, რომელსაც თავისი წესები, ღირებულებები და ქცევის გარკვეული სტანდარტები აქვს. ამ წესების დაცვა კი სასკოლო ცხოვრების ნაწილია.

ჩემი აზრით, აქ საკითხი მხოლოდ ფორმას ან კონკრეტული სამოსის აკრძალვას არ ეხება. უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს ჩაცმის კულტურას. მიმაჩნია, რომ სკოლაში აკადემიური გარემოს შესაბამისი ჩაცმულობა უნდა იყოს როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის. არ ვგულისხმობ, რომ პედაგოგს აუცილებლად ფორმა უნდა ეცვას. საუბარია აკადემიურ სტილზე, პროფესიულ იერსახესა და იმის გააზრებაზე, რომ სკოლას, როგორც საგანმანათლებლო სივრცეს, თავისი შესაბამისი ესთეტიკა აქვს.

მასწავლებელი მოსწავლისთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემის წყარო არ არის, ის მაგალითიცაა. შესაბამისად, პედაგოგის ჩაცმულობაც პროფესიული კულტურის ნაწილია. თუ მოსწავლისგან გარკვეული სტანდარტის დაცვას ვითხოვთ, ბუნებრივია, თავად მასწავლებელიც უნდა აცნობიერებდეს საკუთარ პასუხისმგებლობას და შესაბამის მაგალითს აძლევდეს მას.

ამავე დროს, არ ვფიქრობ, რომ ჩაცმულობასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ აკრძალვებითა და შენიშვნებით უნდა გვარდებოდეს. აუცილებელია მოსწავლეებთან და მშობლებთან საუბარი, წესების მიზნის განმარტება და იმის ჩვენება, რომ შინაგანაწესის დაცვა მათი პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავს. თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთს არ გამორიცხავს - პირიქით, მათი თანაარსებობაა მნიშვნელოვანი.

ჩემთვის მთავარია, მოსწავლემ გაიაზროს, რომ საკუთარი სტილის ქონა და სკოლის წესების პატივისცემა შესაძლებელია ერთდროულად. სკოლამ კი უნდა შეძლოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ინდივიდუალობის პატივისცემა და აკადემიური კულტურა ერთმანეთს არ უპირისპირდება. სწორედ ამ ბალანსის პოვნა მიმაჩნია ჩვენს მთავარ ამოცანად“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

კითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის როდის გადაეცემათ მეორე კლასელებს სასკოლო ფორმები მაყვალა გელაშვილი გვეუბნება, რომ განახლებული ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.

„რაც შეეხება სასკოლო ფორმების დარიგების მეორე ეტაპს, არსებული ინფორმაციით, ფორმების გადაცემა ნოემბერშია მოსალოდნელი. თუმცა, ამ ეტაპზე სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაცია ან კონკრეტული განმარტებები ჯერ არ მიგვიღია. შესაბამისად, ველოდებით ოფიციალურ სიახლეებს და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე სკოლაც შეძლებს საკითხთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული განმარტებების გაკეთებას“, - გვეუბნება ხელმძღვანელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203