„შეხვედრა, რომელიც წიგნის სიყვარულს კიდევ უფრო აღრმავებს“ - ჩოლურის საჯარო სკოლაში თანამედროვე ქართველ მწერალს უმასპინძლეს
15-10-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სწორედ წიგნის სიყვარულის გაღრმავებას ემსახურებოდა სკოლაში გამართული შეხვედრა. 

სკოლის ინიციატივით სკოლას თანამედროვე ქართველი მწერალი ლაშა მარგიანი ესტუმრა. 

შეხვედრა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და საინტერესო გამოცდილება იყო - მათ მიეცათ შესაძლებლობა, უფრო ახლოს გაცნობოდნენ მწერლის სამყაროს, ესაუბრათ ლიტერატურაზე და გაეზიარებინათ ის ემოციები, რომლებსაც წიგნები და სიტყვები გვჩუქნის.

„გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ბავშვებში კითხვის სიყვარულს აღვივებს, ახალ ინტერესებს აჩენს და კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ წიგნი მხოლოდ ამბების კრებული კი არა, სამყაროს შეცნობისა და ადამიანებთან დაახლოების გზაცაა.

„ცისხელა“ მადლობა ლაშა მარგიანს სტუმრობისთვის, გულწრფელი შეხვედრისა და ჩვენი სკოლისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. მწერალმა სკოლას საკუთარი წიგნი უსახსოვრა, რომელიც ჩვენი სასკოლო ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ღირებული შენაძენი გახდება. 

ეს შეხვედრა დასაწყისია იმ ლამაზი ურთიერთობისა, რომელიც გვინდა, მოსწავლეებსა და თანამედროვე ქართულ ლიტერატურას შორის ჩამოყალიბდეს.

ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვიზრდებით - რადგან წიგნების სამყაროში მარტო არასდროს ვართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა ლანა ონიანმა გაუწია. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203