„გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ მოსწავლის ინტერესებზე, მზაობასა და შესაძლებლობებზე“- ჯვარცხმის საჯარო სკოლის პედაგოგი მადონა ქურდაძე
12-10-2026

„სწავლა სიხარულად მაშინ იქცევა, როდესაც მოსწავლის ინტერესები, ასაკობრივი თავისებურებები და შესაძლებლობები გათვალისწინებულია“, - აღნიშნავს ნოდარ დუმბაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლის პედაგოგი მადონა ქურდაძე და სწორედ მოსწავლეზე მორგებული, საინტერესო და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას მიიჩნევს სასწავლო წლის დასაწყისში ერთ-ერთ მთავარ ამოცანად.

მისი აზრით, წარმატებული გაკვეთილისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი აქტივობებისა და რესურსების გამოყენება და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა.

ჯვარცხმის საჯარო სკოლის პედაგოგი მადონა ქურდაძე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეზე მორგებული, საინტერესო და ეფექტური გარემოს შექმნა. რაც მოსწავლეს განაწყობს პოზიტიურად სკოლისა და სწავლის მიმართ.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მოსწავლის ინტერესებზე, მზაობასა და შესაძლებლობებზე. თითოეული აქტივობა გაკვეთილის თემისა და მიზნის ფარგლებში მიზანმიმართული უნდა იყოს მოსწავლის უნარებსა და შესაძლებლობებზე, რათა ყველა მოსწავლე იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- ყველა მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლის მხრიდან  უკუკავშირი თანხვედრაშია გაკვეთილის მიზანთან.

-  ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მოსწავლეებისათვის პოზიტიური განწყობის შექმნით  და სიახლისადმი ინტერესის გაჩენით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- მრავალფეროვან აქტივობებს და რესურსებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია...

- როდესაც სიახლის გაგება უადვილდება და მასწავლებლის კომენტარი მის დადებით უნარებს აღიარებს.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მოსწავლის ინტერესები, ასაკობრივი თავისებურებები  და შესაძლებლობები გათვალისწინებულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203