დეხვირის საჯარო სკოლის ეზოში განთავსებული „მადლიერების ხე“ პედაგოგებისადმი მიძღვნილი ძვირფასი სიტყვებით შეივსო
12-10-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება.

კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი თბილი და ემოციური აქტივობა შეასრულეს. 

მოსწავლეებმა დაწერეს, როგორია მათი საყვარელი მასწავლებელი და ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდნენ მას.  შემდეგ კი თავიანთი გულწრფელი და თბილი ჩანაწერები სკოლის ეზოში, სპეციალურად მომზადებულ „მადლიერების ხეზე“ მიამაგრეს. 

„პატარა ფურცლებზე დაწერილი სიტყვები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს ბავშვის ცხოვრებაში - მის სიტყვას, მხარდაჭერას, სითბოსა და ყურადღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მადლიერების, ემპათიისა და დადებითი ემოციების გამოხატვის უნარის განვითარებას. ამავდროულად, ბავშვებს ეხმარება საკუთარი გრძნობებისა და დამოკიდებულებების სიტყვიერად გამოხატვაში, აძლიერებს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას და ქმნის სკოლაში სითბოს, პატივისცემისა და ურთიერთდაფასების გარემოს. 

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო. და დღეს ჩვენი „მადლიერების ხე“ სწორედ ასეთი პატარა, მაგრამ ძალიან ძვირფასი სიტყვებით შეივსო.

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! 

მადლობა, ყველა მასწავლებელს იმ სიყვარულისთვის, ცოდნისთვის და სითბოსთვის, რომელსაც ყოველდღიურად ჩუქნით თქვენს მოსწავლეებს“,- აცხადებენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203