„მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებელს სკოლაში მისი მისვლა უხარია“ - ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი ფატიმა ბალანჩივაძე 
09-10-2026

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგ ფატიმა ბალანჩივაძისთვის სწავლება მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის, მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის თბილი და პოზიტიური გარემოს შექმნა, მათი მოტივირება, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისება და მათი ინტერესის გაღვივება. 

როგორ გეგმავს პედაგოგი მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილს, რა გზებით აღვივებს მათ ცნობისმოყვარეობას და როგორ აქცევს სწავლას სიხარულად? ამ და სხვა საკითხებზე ქუთაისის N4 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას გვიზიარებს.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ვფიქრობ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი თბილი და პოზიტიური გარემოს შექმნაა. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ სკოლაში მისი მისვლა უხარია მასწავლებელს. პირველ დღეებში ზოგჯერ მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი ინფორმაციის მიწოდება. 

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, საინტერესო და რეალობასთან დაკავშირებული. ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მათ ჩართულობას და დამოუკიდებელ აზროვნებას შეუწყობს ხელს.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლე აქტიურად არის ჩართული, სვამს კითხვებს, მსჯელობს, გამოაქვს დასკვნები და, ბოლოს,  შეუძლია მიღებული ცოდნის რეალობაში გამოყენება.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებით, პრობლემური სიტუაციით. ცხოვრებისეული მაგალითით, ჩემთვის იდეალური გაკვეთილია ის, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უჩნდება ახალი კითხვა და სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი გაიგოს.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- საინტერესო კითხვებს, პრობლემურ სიტუაციებს, სხვადასხვა ვიზუალურ რესურსს. ხშირად ვქმნი ისეთ სიტუაციას, როცა მოსწავლე თავად ხდება პატარა მკვლევარი და ცოდნას დამოუკიდებლად აღმოაჩენს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მასწავლებელი პატივს სცემს მის აზრს, ამჩნევს მის მცდელობას და აძლევს საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობას. ასეთ დროს სწავლა საინტერესო და სახალისო ხდება.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- როცა გაკვეთილზე არის ნდობა, მხარდაჭერა, თავისუფალი აზროვნება და საინტერესო გარემო, სწავლა მოვალეობა აღარ არის, ის ხდება აღმოჩენების, წარმატებისა და სიამოვნების პროცესი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203