„საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებებს სუფთა წერასაც დავამატებდი... - ზოია თიგიშვილი, ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლისა და ოჯახის მჭიდრო თანამშრომლობა დიდი ხანია გასცდა უბრალო ფორმალობას და მოსწავლის წარმატების მთავარ გარანტად იქცა. ცვლილება, რომელიც მშობლებს შვილების აკადემიურ მიღწევებზე, დავალებებსა და შეფასებებზე პირდაპირ წვდომას აძლევს, სკოლებში დიდ მხარდაჭერასა და რეზონანსს იწვევს.
ამ ცვლილებას პოზიტიურად აფასებენ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და დირექტორები, თუმცა რეფორმის პარალელურად, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონკრეტულ სასწავლო კომპონენტებზე, რომლებიც ბავშვის ფუნდამენტურ განვითარებას განაპირობებს.
ზოია თიგიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ მშობლის ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი თავად სასწავლო პროცესის ხარისხზე უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, მშობელმა თვალი უნდა ადევნოს ბავშვის მუშაობას ყველა ძირითად ჭრილში.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდეს სამივე ტიპის აქტივობას: საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებებს. მშობელს თითოეულ მათგანზე უნდა ჰქონდეს დეტალური უკუკავშირი, რათა დაინახოს, სად სჭირდება ბავშვს დახმარება. თუმცა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მე აუცილებლად დავამატებდი კიდევ ერთ კომპონენტს - სუფთა წერას. კალიგრაფიაზე, წერის კულტურასა და აზრის გამართულად გადმოცემაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია“, - ამბობს ქალბატონი ზოია და კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:
„საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებები ხელს უწყობს მასალის განმტკიცებას, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, აღვივებს გუნდური მუშაობის უნარს და ამასთან ერთად, მშობელი არ იქნება მხოლოდ „შემფასებელი“ სემესტრის ბოლოს, არამედ ჩაერთვება ყოველდღიურ პროცესში, რაც დადებით შედეგებზე უდავოდ გაგვშიყვანს“.