
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამილა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა არაფორმალური განათლების საინტერესო, შემოქმედებითი და შთამბეჭდავი პროექტი - „შეფმზარეული“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა-პოპულარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გაძლიერება, პრაქტიკული უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობა.
პროექტში აქტიურად ჩაერთნენ IX და XII კლასის მოსწავლეები. ორი კვირის განმავლობაში მათ იმუშავეს აჭარული და ინგილოური სამზარეულოს თემაზე, მოიძიეს ტრადიციული რეცეპტები, გაესაუბრნენ ოჯახის წევრებსა და თემის წარმომადგენლებს, შეისწავლეს კერძების ისტორია, დაგეგმეს მომზადების პროცესი, გაინაწილეს როლები, დაიცვეს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები და ფინალურ ღონისძიებაზე ღირსეულად წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები.
ფინალურ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროდუქტები: პრეზენტაციები, პოსტერები, კედლის გაზეთი, ფოტო და ვიდეომასალა, ასევე დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით მომზადებული ტრადიციული და არატრადიციული კერძები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითოეულ ნამუშევარში ნათლად ჩანდა მოსწავლეთა შრომა, კვლევითი საქმიანობა, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა და საკუთარი კულტურისადმი პატივისცემა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეთა მშობლები. მათ დააგემოვნეს მოსწავლეთა მიერ მომზადებული როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული კერძები. წარმოდგენილმა კერძებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაცია და შრომის დაფასების მნიშვნელოვანი მაგალითი იყო.
პროექტის ფინალურ ეტაპს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით: სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი და მასწავლებელი ფიქრია ბუჩუკური.
ჟიურიმ შეაფასა მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი კერძების გემო, სერვირება, პრეზენტაცია, კვლევითი ნაწილი, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, გუნდური მუშაობა და შემოქმედებითი მიდგომა.
შეფასების შედეგად გამოვლინდა პროექტის - „შეფმზარეული“, მთავარი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც მიენიჭა ნომინაცია „მთავარი შეფმზარეული“. ასევე გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელი გუნდები.
სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადასცა შესაბამისი სიგელები, ხოლო პროექტის ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს, თამილა ნადირაშვილს, პროექტის წარმატებით დაგეგმვის, ორგანიზებისა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისათვის გადაეცა მადლობის სიგელი.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მშობლებსა და თემის წარმომადგენლებს, რომლებმაც მოსწავლეებს გაუზიარეს ოჯახური რეცეპტები, გამოცდილება და ტრადიციული კულინარიული ცოდნა. მათი ჩართულობა პროექტს უფრო თბილს, ნამდვილსა და ღირებულს ხდიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პროექტში საზოგადოების ჩართულობა.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის ყველას ვინც პროექტის წარმატებით განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
„მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელ ქალბატონ თამილა ნადირაშვილს, ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებს, ჟიურის წევრებსა და ყველა მონაწილეს. ასეთი პროექტები აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას, პრაქტიკულ უნარებს, კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და სკოლისა და თემის თანამშრომლობას. ვულოცავ თითოეულ მონაწილეს წარმატებულ, შთამბეჭდავ და ღირსეულ შედეგს.
ვულოცავთ, პროექტის მონაწილე მოსწავლეებს, გამარჯვებულ გუნდებს, პროექტის ხელმძღვანელს, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოებას ამ ლამაზ და მნიშვნელოვან წარმატებას.
გვჯერა, რომ პროექტი „შეფმზარეული“ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ეროვნული კულტურის დაფასებისა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
სამთაწყაროს საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებითა და პედაგოგებით“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: