ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად და ემოციურად აღინიშნა
08-10-2026

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

წელს, მასწავლებლის საერთაშორისო დღე, ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად, ორიგინალურად და ემოციურად აღინიშნა. 

ღონისძიებას სიმბოლური სახელი - „ჩვენც დავბერდებით“ - ეწოდა და მისი მთავარი სათქმელი თაობათა ურთიერთპატივისცემა, გამოცდილების გაზიარება და ადამიანური სითბო იყო.

ღონისძიება - „ჩვენც დავბერდებით“ სკოლის დირექტორის, მაკა გუბელაძის, ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო განსაკუთრებული ჩანაფიქრი, რომელმაც მასწავლებლის საერთაშორისო დღე სრულიად განსხვავებული შინაარსით დატვირთა.

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, სკოლის პედაგოგ ფატიმა ბალანჩივაძეს, 60 წელი შეუსრულდა. ამავე სკოლაში მოღვაწეობს მისი ყოფილი მასწავლებელი, ქალბატონი ელენა ბუაძე, რომლის პედაგოგიური გამოცდილება ნახევარ საუკუნეს აღემატება.

მოსწავლე-მასწავლებელმა ერთმანეთს პროფესიული დღე გულთბილად მიულოცეს.

„ამგვარად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის უხილავი, მაგრამ ძლიერი კავშირი, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს მთელი ცხოვრების განმავლობაში აკავშირებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვენლობას უსვამენ ხაზს.

ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო შესძინა სკოლის წარჩინებული მოსწავლეების - ანდრია და ნია პავლიაშვილების, დიდმა ბებიამ, 99 წლის ბაბუცა ლაჭყეპიანმა, რომელიც სოფელ დეხვირიდან დისტანციურად ჩაერთო. მან მოსწავლეთა შეკითხვებს საინტერესოდ უპასუხა, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა მათ და თაობებს შორის კიდევ ერთი თბილი ხიდი შექმნა.

„ჩვენც დავბერდებით“  - ამ უბრალო, მაგრამ ძალიან შინაარსიანი ფრაზის მიღმა მნიშვნელოვანი გზავნილი იკითხებოდა: ასაკი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, ხოლო ადამიანური ღირსება, ცოდნა, გამოცდილება და ერთმანეთის პატივისცემა არ ბერდება. სწორედ ამიტომ ეს დღე  სკოლაში დარჩება, როგორც სიყვარულით, მადლიერებითა და თაობათა ერთიანობით გამორჩეული ლამაზი მოგონება“,- გვიყვებიან ამ დაუვიწყარი დღის შესახებ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203