
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორ პეტროს აკოპიანისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, მომზადებულ სასკოლო გარემოსა და მოსწავლე-მასწავლებელთა მოტივირებას უკავშირდება.
სკოლის ხელმძღვანელის თქმით, მოსწავლისთვის სწავლა მაშინ იქცევა სიხარულად, როდესაც პედაგოგი ინოვაციურ აქტივობებს მიმართავს და ცოდნას რეალურ ცხოვრებას უკავშირებს.
პეტროს აკოპიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვას როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეთა და მასწავლებელთა ხალისიანი განწყობა, სკოლის მზაობა და პროდუქტიული შემართება.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- რამდენად გასაგები და საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლე გისმენს, ესმის და აქტიურად ერთვება საგაკვეთილო პროცესში.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოსწავლეების ინტერესის გამოხატვით, აქტიურობითა და ჩართულობით.
-მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- მრავალფეროვან აქტივობებსა და რესურსებს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- აღიარებ მის შესაძლებლობებსა და მოტივაციას უმაღლებ.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ინოვაციურ აქტივობებს იყენებს პედაგოგი, ზრუნავს მოსწავლეთა განათლებაზე და ხელს უწყობს ამ განათლების გამოყენებას.