
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორ საულ სულაბერიძისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას უკავშირდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა იგრძნოს მხარდაჭრა და დაფასება.
დირექტორისთვის მოსწავლეთა მოტივირება იდეალური გაკვეთილის წინაპირობაა. ამისთვის კი, საჭიროა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების, აქტივობებისა თუ რესურსების გამოყენება.
გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი გვიზიარებს საკუთარ ხედვას როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- თანამშრომლობითი, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი თავს დაფასებულად და მხარდაჭერილად იგრძნობს.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ…
- სასწავლო მიზნებზე, მოსწავლეთა საჭიროებებსა და იმაზე თუ რა მეთოდებითა და რესურსებით იქნება შესაძლებელი საუკეთესო შედეგის მიღწევა.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, აღწევენ დასახულ მიზნებს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მკაფიო მიზნით, მოსწავლეთა მოტივირებითა და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- მრავალფეროვან და მათზე მორგებულ აქტივობებს, თამაშით სწავლებას, ვიზუალურ და ციფრულ რესურსებს, ასევე მოსწავლეთა ინტერესებისა და იდეების გათვალისწინებას.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მისი შრომა, პროგრესი და შესაძლებლობები აღიარებული და დაფასებულია.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, აქვს არჩევანისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და სწავლას რეალურ გამოცდილებას უკავშირებს.