
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგ დარეჯან მახარაძისთვის სასწავლო წელი მოსწავლეთა საჭიროებების დადგენითა და მიზნების განსაზღვრით იწყება და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროცესის დაგეგმვით გრძელდება.
მისი თქმით გაკვეთილი მაშინაა წარმატებული, როდესაც მოსწავლეების ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეუძლიათ. მოწაფეთა ინტერესის გასაღვივებლად პედაგოგი მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავს და ცდილობს მოსწავლეებისთვის სწავლა ნამდვილ სიხარულად აქციოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ინგლისური ენის პედაგოგი დარეჯან მახარაძე პასუხობს.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა და მიზნების სწორად განსაზღვრა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- მოსწავლეთა ინტერესებზე და აქტივობებზე, რომელიც კლასის განვითარების შესაბამისია
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ...
- კლასი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართულია, გაკვეთილის დაგეგმვისას დასახული მიზნები მიღწეულია და მოსწავლეებს შეუძლიათ მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- აქტივობებით, რომლებიც მოსწავლეებში აღძრავს ინტერესსა და ამაღლებს მოტივაციას გაკვეთილის მიმართ.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა ვარაუდების გამოთქმა, გონებრივი იერიში, საგანმანათლებლო თამაშები, როლში შესვლა, მწერლის როლის მორგება, მულტიმედიის გამოყენება და აშ.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც ...
- მას აქებენ. ასევე ახარებს ისიც, რომ მასწავლებელი მას აღიქვამს, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვან წევრს და პატივისცემას გამოხატავს მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- სასწავლო გარემო უსაფრთხო, მხარდამჭერი და პოზიტიურია, ხოლო მასწავლებელი - ემპათიური და მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული.