„ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება კარგი განწყობით, სწორად შერჩეული აქტივობებით, რესურსებით“ - საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინელი ვიბლიანი
06-10-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგ ნინელი ვიბლიანისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფას უკავშირდება. წარმატებული გაკვეთილი კი სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვას, მოსწავლეთა მოტივირებასა და ჩართულობის ამაღლებას ეფუძნება. მოსწავლეთა ინტერესის გასაღვიძებლად თავად სახალისო აქტივობებს მიმართავს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცეს. 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ნინელი ვიბლიანი გვიზიარებს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სასწავლო გარემო მოსწავლისთვის იყოს უსაფრთხო, რომ მოსწავლემ თავი დაცულად იგრძნოს. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის მისაღებად, ტექნოლოგიებზე ჰქონდეს უწყვეტად წვდომის საშუალება, ასევე უნდა იყოს წიგნებით უზრუნველყოფილი ყველა მოსწავლე.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- რომ მასწავლებელი წინასწარ იყოს მზად გაკვეთილისთვის, მიზანი იყოს მკაფიო და ნათელი, აქტივობები მორგებული თითოეულ მოსწავლეზე, ყველა მოსწავლე უნდა იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილს სჭირდება გააქტიურება - გამოწვევა. დამატებითი დავალებებისთვისაც უნდა იყოს მასწავლებელი მზად, ასევე, დროც სწორად ჰქონდეს  გათვლილი. შეფასების რუბრიკების წინასწარ გაცნობით ობიექტური შეფასება უნდა მოხდეს.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- გაკვეთილი იქნება სწორად დაგეგმილი, მოსწავლეებს განაწყობს პოზიტიურად. ძველი მასალის გახსენებით გადავა ახალ მასალაზე. ჩართულობა მოსწავლეებისა იქნება მაქსიმალური.

-  ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- კარგი განწყობით, სწორად შერჩეული აქტივობებით, რესურსებით, თემის  შესაბამისი დავალებების მიცემით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- სახალისო აქტივობებს, ვაძლევ დამატებით დროს მოსაფიქრებლად რუკაზე მუშაობისთვის და მიმოხილვისთვის.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ასრულებს მრავალფეროვან, სწორად დაგეგმილ აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმა სწორადაა შერჩეული.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- გაკვეთილი სწორადაა დაგეგმილი, ყველა მოსწავლეზეა მორგებული, შემოქმედებითი ხასიათისაა, ორიენტირებულია ცოდნის მიღებასა და ახალ უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203