
საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა საჯარო ლექცია - „ქართლის გაქრისტიანებიდან 1700 წელი - ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა“, რომელიც ქართლის მოქცევიდან 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
შეხვედრის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი მოხსენება იქნა წარმოდგენილი. თემაზე - „ქართული ჰაგიოგრაფია“ მოხსენება წარმოადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან მამასახლისმა, ხოლო თემაზე „წმინდა ნინო - დედა ქართლისა“ - ისტორიის დოქტორმა მაკა ჩხაიძემ.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართული ჰაგიოგრაფიის მნიშვნელობაზე, მის როლზე ეროვნული და სულიერი თვითშეგნების ჩამოყალიბებაში, ასევე წმინდა ნინოს ღვაწლსა და განსაკუთრებულ როლზე საქართველოს გაქრისტიანების ისტორიაში.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
„შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქართული ქრისტიანული კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელობა და შექმნა შესაძლებლობა, ახალგაზრდა თაობას უკეთ გაეაზრებინა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორია და მისი განმსაზღვრელი სულიერი ღირებულებები“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: