
ბაქარ ერაგია - თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი განათლებაში არსებულ გამოწვევებზე საუბარს არ გაურბის - თვალს თუ დავხუჭავთ, პრობლემები არსად გაქრებაო, ამბობს და საკუთარ YouTube არხზეც მსჯელობს ქართული სასკოლო სივრცეების მანკიერ მხარეებზე; იმავდროულად კი, ცდილობს, ყველამ იცოდეს საკუთარი უფლებები - „თუკი მოსწავლე ჩამორჩება საგანში, მშობელს აქვს უფლება და მასწავლებელი არის ვალდებული, მოითხოვოს დამატებითი გაკვეთილების ჩატარება“, - ამბობს ბატონი ბაქარი და etaloni.ge-სთან ინტერვიუს ცვლილებების განხილვით იწყებს, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში უკვე ამოქმედდა.
- ბატონო ბაქარ, როგორ დაიწყეთ სასწავლო წელი, რამდენად კმაყოფილი ხართ, როგორც ხელმძღვანელი და როგორ მოახერხეთ ის, რომ ბავშვები ხანგრძლივი არდადეგების მერე მობილიზებულები ყოფილიყვნენ სწავლისთვის?
- სასწავლო წელი სიახლეებით დავიწყეთ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდანაც იყო შემოთავაზებული - ფორმები შარშან დავამკვიდრეთ სკოლაში და წელს სახელმწიფოს ინიციატივაც დაგვეწია, ისევე როგორც ტელეფონების შემთხვევაში... ელექტრომოწყობილობების შეზღუდვა გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს და ეს, ჩემი აზრით, ყველაზე გამართლებული ნაბიჯია.
- აქამდეც ხომ იყო შეზღუდული მობილურები?
- შინაგანაწესში გვქონდა გაწერილი, მაგრამ აღსრულების მექანიზმი ისეთი მკაფიო არ იყო, როგორც მინისტრის ინიციატივის შემდგომ... საბოლოო ჯამში, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
რაც შეეხება უშუალოდ სკოლის სიახლეებს, დავუბრუნდით კაბინეტურ სისტემას საბაზო და საშუალო საფეხურზე, გვაქვს ქიმიის კაბინეტი, ასევე ველოდებით ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებს... აქაც იყო გამოწვევები, შეჩვევა სჭირდება როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს, თუმცა დავალაგეთ ყველაფერი - ცხრილებიც, ინფრასტრუქტურაც, გვაქვს ფერადი პრინტერი, ლამინირების აპარატი შევიძინეთ... ერთი სიტყვით, ვაკეთებთ ყველაფერს სათანადო გარემოს შესაქმნელად და სწავლის ხარისხის მეტად გასაუმჯობესებლად.
- აღნიშნეთ, მობილურების აკრძალვა გააუმჯობესებს სწავლის ხარისხსო და ეს როგორ მოხდება - ხომ იგივე მასწავლებლები ჩაატარებენ გაკვეთილებს, იგივე სახელმძღვანელოების მიხედვით?
- მეტად მობილიზებულები არიან ბავშვები... მე, როგორც მასწავლებელს, არ მიწევს თქმა, შეინახონ ტელეფონები - მარტივად რომ ვთქვათ, გაჩნდა ბერკეტიც და მექანიზმიც.
- ურჩი მოსწავლეები თუ გყავთ, ვინც უარს ამბობს მობილურის შენახვაზე ან თუნდაც ფორმის ტარებაზე? აქვთ პროტესტის გრძნობა?
- ფოთი ალბათ ერთადერთი ქალაქია, სადაც თითქმის ყველა სკოლას ჰქონდა დაწესებული ფორმა, შესაბამისად, ჩვენს მენტალიტეტში გამჯდარია და ამაში პრობლემას ვერ ხედავს ვერც ერთი მშობელი. მართალია, გარდატეხის ასაკში ბავშვებს სურთ, იყვნენ გამორჩეულები (ეს ბუნებრივია), მაგრამ პრეტენზია - „ჩემი უფლებები ირღვევა“- არ აქვთ. ყველა რეფორმას აქვს მიზანი - ბავშვი როდესაც დილით ფიქრობს, რა ჩაიცვას, ის უკვე არ არის მობილიზებული სწავლისთვის. გარდა ამისა, ფორმების დაწესება ჩაცმის გამო ბავშვებს შორის ჩაგვრის ელემენტებს აღმოფხვრის...
- ანუ სკოლებში ჩაგვრა არის? - იშვიათად საუბრობენ ამაზე ღიად.
- ვის რა აცვია - ეს ბავშვებს შორის აქტუალური თემაა... თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ ჩაგვრა არის! განიხილავენ ტანსაცმელს, ტელეფონს და ეს საზოგადოების ბრალია. როდესაც ფორმა დავაწესეთ, იყო საუბარი, ამით ბულინგს ვერ აღმოფხვრითო და მართალიცაა, თუმცა რაღაცას ხომ მაინც გამოვასწორებთ.
- გაუფასურდა განათლება, ბატონო ბაქარ? დღეს ბავშვები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან, ვინ უკეთ იცის „ვეფხისტყაოსანი“ თუ მენდელეევის სისტემა...
- ასეა და იცით, რატომ? ოჯახებში ახლა ბევრი პრობლემაა, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, მასწავლებლებსაც არ აქვთ სათანადო ანაზღაურება, მაგრამ მე მახსოვს პედაგოგები, რომლებიც უხელფასოდ, ბნელ 90-იანებში ერთგულნი დარჩნენ პროფესიის. მასწავლებლობა ისეთი საქმეა, მხოლოდ ხელფასი ვერ იქნება მთავარი. ჩვენ კი - მშობლები, მასწავლებლები, საზოგადოება უნდა დავდგეთ ერთ მხარეს ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ.
- ეს რთული ამოცანა თქვენ როგორ გესახებათ?
- მასწავლებელმა მშობელი არ უნდა გაულანძღოს შვილს, მშობელმა კი მასწავლებელი არ უნდა გალანძღოს - ბავშვისთვის მისი მასწავლებელი, სკოლა ავტორიტეტი უნდა იყოს, ისევე, როგორც მშობელი... ყველა უნდა ამოვიდეთ ერთი ჭეშმარიტებიდან - მთავარია, ბავშვის უფლება, თუმცა აქვე მოვალეობებიც უნდა ვასწავლოთ - ჩვენ თუ მხოლოდ უფლებების დაცვაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, მაშინ ყველა უფლება ერთად დაირღვევა. დიახ, სამწუხაროდ, ეჯიბრებიან არა ცოდნაში, არამედ, ვის უკეთ აცვია, ვის უკეთესი ტელეფონი აქვს და...
- ვის ექნება ყველაზე პომპეზური „ბოლო ზარი“, რაც მშობლების უმეტესობას, ასევე, ტვირთად აწვება.
- ბავშვის დამამთავრებელი კლასი მშობლებს ათასობით ლარი უჯდებათ... ცუდ ტრადიციად დამკვიდრდა ეს - ვეჯიბრებით, ვინ მეტ თანხას დახარჯავს, ვიბრძვით, საუკეთესო ბოლო ზარი ჰქონდეთ ბავშვებს და ამ დროს ვქირაობთ ერთსა და იმავე სცენარისტებს, ქორეოგრაფებს, ოპერატორებს, მუსიკოსებს და საბოლოო ჯამში, ვიღებთ რას?
- იმას, რომ სახელმწიფო მესამედ აცხადებს რეგისტრაციას უმაღლესებსა და პროფესიულებში მიღებას ორჯერ ვერჩარიცხული აბიტურიენტებისთვის.
- დიახ, ასეა - მესამედ გამოაცხადა სახელმწიფომ მიღება... თუმცა ეს მშობლების ბრალიცაა. ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს: თქვენ რომ მშობლებს სთხოვთ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაგვიშვით 2-3 დღითო, ჰკითხეთ, თავად ბოლოს როდის იყვნენ დასასვენებლად? ძალიან დიდი დრო სჭირდება შვილს, მიხვდეს მშობლის ამაგს.

- რადგან სიახლეებზე ვსაუბრობთ, ახალი სახელმძღვანელოები თუ ნახეთ, გაეცანით? აჟიოტაჟი გამოიწვია ისტორიის სახელმძღვანელომ... თქვენ კი ისტორიას ასწავლით - შეძლებთ, ობიექტურად შეაფასოთ?
- უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი - ისტორიის და ზოგადად, ნებისმიერი სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელო, მაგრამ არ არის ვთქვათ, ბიბლია. თუკი რომელიმე მასწავლებელი მიიჩნევს, რომ მისაღწევი შედეგებისთვის მას სჭირდება დამატებითი რესურსები, არავინ უშლის - ნებისმიერი საგნის ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოში მოცემულია მისაღწევი შედეგები და კონკრეტულ სახელმძღვანელოს ამ შედეგებამდე მივყავართ...
ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება - მე შეიძლება რაღაც სახელმძღვანელო მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ კითხვას სხვანაირად დავსვამდი: რაც იყო, ეს მოსწონდათ?! ჩაუხედავთ მე-7, მე-8, მე-9 კლასების სახელმძღვანელოებში? ვფიქრობ, რომ - არა.
... რადგან ისტორიის სახელმძღვანელო ახსენეთ, რა უნდა დაუტოვოს ისტორიის სწავლებამ ბავშვს? - დროსა და სივრცეში, ასე ვთქვათ, ორიენტირი, ეროვნული თვითშეგნება, ეროვნული ინტერესები, ეროვნული ღირებულებები და ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის, დანარჩენი კი უკვე ისეთი დეტალებია, რაზეც პროფესიონალ მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს პრობლემა - თუ რაღაც დააკლდა, შეუძლია დაამატოს.
- ახლა მივალთ მასწავლებლების პროფესიონალიზმთან - ამ საკითხზე კი კი დირექტორები ღიად საუბარს გაურბიან...
- რატომ ვერ ვისაუბრებთ? პირდაპირ ვთქვათ - 10 წელი გაუქმებული იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, მერე აღდგა, თუმცა შედეგებს დღემდე ვიმკით - 1 წლის სასწავლო დანაკარგის აღსადგენად სამი წელია საჭირო, ჩვენ კი უდიდესი სასწავლო დანაკარგები მივიღეთ რეფორმებით, რომელიც 2000-იანი წლებიდან დაიწყო - ახალი არაფერი შექმნილა და ძველიც მოსპეს.
- ისიც ვაღიაროთ, რომ სკოლებში იგივე პედაგოგები ასწავლიან, ვინც 2004 წლამდეც მუშაობდა...
- 60 ათასი ახალი კადრის მოძებნა ადვილი არაა - სად ნახავთ ამდენ ახალბედა მასწავლებელს? ეს ხალხი კი არ უნდა შევცვალოთ, უნდა გადავამზადოთ.
- გადამზადება უშველის შექმნილ ვითარებას, ბატონო ბაქარ? საშუალო განათლებას წელი მოაკლდა - სკოლაში გავლილი რეპეტიტორიუმით, ფიქრობთ, მოსწავლე უმაღლესში შეძლებს სწავლის გაგრძელებას?
- ნებისმიერ რეფორმას აქვს დადებითი და უარყოფითი... მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ - რა ხდებოდა პრაქტიკაში - მე-12 კლასში განსაკუთრებით დიდი პრობლემა დასწრება, ამასთან ჩამოყალიბდა ალტერნატილი სკოლა, რომელსაც „რეპეტიტორის ინსტიტუტი“ ვუწოდეთ და რეალურად, ეს რეპეტიტორებიც სკოლის პედაგოგები არიან... ალტერნატიული სკოლები კი არ იქნება გახსნილი მასწავლებლების სახლებში, არამედ სკოლა დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია და მისცემს ბავშვებს სათანადო განათლებას უმაღლესში ჩასაბარებლად - რეფორმას კი, თუ ამ მიზანს მოემსახურება, რა თქმა უნდა, მივემხრობი... აქ ერთი მომენტიც არის - ვისაც უნივერსიტეტში სწავლა არ სურს, საბაზო საფეხურის შემდგომ შემოდის პროფესიული განათლება და მისი ინტეგრირება სკოლებში უმნიშვნელოვანესი საკითხია. მიხარია, რომ ამ კუთხით სამინისტრო ბევრს მუშაობს. პროფესიული განათლება მეტ მხარდაჭერას საჭიროებს, ხშირად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ პროფესიული განათლება სკოლაშივე და საშუალო საფეხურზე ატესტატთან ერთად, დიპლომიც ჰქონდეთ.
- გულწრფელად მითხარით, როგორც დამსაქმებელი, რომელ კადრს მიანიჭებდით უპირატესობას - პროფესიული თუ უმაღლესი განათლებით?
- არსებული პროგრამები ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებითაა შექმნილი და პროფესიულიდან დასაქმების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ვიდრე უმაღლესიდან. გასაფანტია მითი, თითქოს პროფესიულიდან სამსახურის დაწყება უფრო რთულია. რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, გეტყვით: მივყვები სამინისტროს რეფორმებში და გამოწვევებზეც ვსაუბრობ ღიად, თვალებს თუ დავხუჭავთ, პრობლემები არსად გაქრება.