
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ თამარა ქარცივაძისთვის სასწავლო წელი მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით იწყება. მისი თქმით, ამ დროს მოსწავლეებთან ურთიერთობას ეყრება საფუძველი და ყალიბდება გარემო, სადაც ბავშვმა თავი დაცულად, დაფასებულად და მოტივირებულად უნდა იგრძნოს.
პედაგოგისთვის კარგია ის გაკვეთილი, როდესაც მოსწავლე აქტიური მონაწილეა სვამს კითხვებს, მსჯელობს, თანამშრომლობს, შეცდომის არ ეშინია და საკუთარი შესაძლებლობების სწამს. მრავალფეროვანი აქტივობები, პროექტები, წრეობრივი მუშაობა და შემოქმედებითი მიდგომები კი სწავლას სიხარულად აქცევს.
ჩაქვის N2 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი, მე-7ბ კლასის დამრიგებელი თამარა ქარცივაძე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საუბრობს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, რა გზებს მიმართავს მოსწავლეთა ინტერესების გასაღვივებლად და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლესთან ნდობისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვმა თავიდანვე იგრძნოს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი კი არა, უსაფრთხო სივრცეა, სადაც მისი აზრი, ინტერესი და შესაძლებლობები ფასობს. სწორედ ამ საფუძველზე შენდება მოტივირებული კლასი და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- რას წაიღებს მოსწავლე ამ გაკვეთილიდან - ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი აღმოჩენის სახით. ვცდილობ, მიზანი იყოს მკაფიო, აქტივობები - მრავალფეროვანი და მოსწავლის შესაძლებლობებსა და ინტერესებზე მორგებული. ჩემთვის კარგი დაგეგმვა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რას ვასწავლი, არამედ იმასაც, როგორ მივიყვან მოსწავლეს თავად აღმოჩენამდე.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლე გაკვეთილიდან მხოლოდ ნასწავლი მასალით კი არა, მიღწევის განცდით გამოდის. როცა ის სვამს კითხვას, გამოთქვამს საკუთარ აზრს, თანამშრომლობს, მსჯელობს, შეცდომის არ ეშინია და ამბობს - „მე ეს შევძელი“, მაშინ ვგრძნობ, რომ გაკვეთილმა მიზანს მიაღწია.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- ცნობისმოყვარეობით. შეიძლება ეს იყოს საინტერესო კითხვა, ცხოვრებისეული სიტუაცია, მოულოდნელი დავალება, ვიზუალური მასალა, პატარა თამაში ან პრობლემა, რომელზეც მოსწავლეს პასუხის პოვნის სურვილი გაუჩნდება. ჩემთვის იდეალური გაკვეთილის დასაწყისი ის მომენტია, როცა ბავშვის თვალებში ჩნდება კითხვა - „ნეტავ რა იქნება შემდეგ?“
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- მრავალფეროვან და მათთვის ნაცნობ რეალურ კონტექსტთან დაკავშირებულ აქტივობებს - პროექტებს, თამაშებს, წყვილურ და ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიას, შემოქმედებით დავალებებს, ციფრულ რესურსებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ სასწავლო პროექტებსა და წრეობრივ მუშაობასაც, რადგან ხშირად სწორედ იქ აღმოაჩენს მოსწავლე საკუთარ ინტერესსა და შესაძლებლობას, რომელსაც ჩვეულებრივ გაკვეთილზე შესაძლოა ვერ ავლენდეს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- გრძნობს, რომ მასწავლებელს მისი სჯერა. უხარია, როცა მის აზრს უსმენენ, მის მცდელობას აფასებენ და შეცდომა დამარცხებად კი არა, სწავლის ნაწილად მიიჩნევა. ზოგჯერ ერთი გულწრფელი სიტყვა - „მე ვიცი, რომ შეგიძლია“ - მოსწავლისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ხდება.
- სწავლა ნამდვილად სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ცოდნა გამოცდილებად გარდაიქმნება, სწავლა კი - აღმოჩენის პროცესად. როდესაც მოსწავლე არა მხოლოდ ისმენს, არამედ თავად აკეთებს, ქმნის, იკვლევს, თანამშრომლობს, სვამს კითხვებს და მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებას უკავშირებს. სწორედ ამიტომ ჩემთვის საგაკვეთილო პროცესთან ერთად მნიშვნელოვანია პროექტული და წრეობრივი მუშაობა, კლასის საათები და სასკოლო ღონისძიებები - ეს ყველაფერი ქმნის დამატებით სივრცეს, სადაც მოსწავლე სწავლობს ცხოვრებასთან, ადამიანებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობას.
„ჩემთვის სწავლების ყველაზე დიდი წარმატება ის არის, როცა მოსწავლე მხოლოდ ცოდნას კი არ აგროვებს, არამედ სწავლა უყვარდება.“