„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე
05-10-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღინიშნა.

სასკოლო ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება საკუთარი პედაგოგების მიმართ. მათ მასწავლებლებს მიულოცეს პროფესიული დღე და აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მასწავლებელს თითოეული მოსწავლის განათლებასა და პიროვნულ განვითარებაში აკისრია.

ღონისძიებამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან გამოხატული ყურადღება და კეთილი სურვილები პედაგოგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აღმოჩნდა.

ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძის განცხადებით, მასწავლებლის პროფესია მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს. მასწავლებელი მოსწავლისთვის გზის მაჩვენებელი, მხარდამჭერი და მოტივატორია.

„მინდა, ყველა მასწავლებელს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად, მნიშვნელოვანი პროფესიაა. მასწავლებელი ყოველდღიურად უდგას გვერდით ბავშვებს, ზრუნავს მათ განვითარებაზე, აძლევს ცოდნას, ასწავლის პასუხისმგებლობას და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

ვიტყოდი, რომ დღეს, ალბათ, ყველაზე მეტად, რაც მასწავლებელს სჭირდება, არის თანადგომა. თანადგომა მოსწავლეების, მშობლების, კოლეგებისა და მთლიანად საზოგადოების მხრიდან. როდესაც მასწავლებელი გრძნობს, რომ მის შრომას აფასებენ და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია, ეს მას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს.

მინდა, თითოეულ პედაგოგს ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატება, პროფესიული წინსვლა და ბევრი ისეთი დღე, როდესაც საკუთარი შრომის შედეგს მოსწავლეების მიღწევებსა და წარმატებაში დაინახავს. ვულოცავ ყველა მასწავლებელს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მადლობას ვუხდი იმ თავდადებისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის განათლებისთვის“, – განაცხადა ოთარ ვანაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203