
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსდა, რომ ლექტორებს 10-ათასლარიანი ანაზღაურება უნდა ჰქონოდათ. დღეს, როდესაც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად დოკუმენტი უკვე ცნობილია, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ აღნიშნული სახელფასო მაჩვენებელი ერთ წელიწადში ვერ დაფიქსირდება:
„ხელფასებს რაც შეეხება - ეს რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და როდესაც ვსაუბრობთ გაზრდილ ხარჯებზე, უფასო სწავლის დაფინანსებაზე, რაც 100 მილიონით იზრდება, გასათვალისწინებელია, რომ შეიცვალა ერთ ბავშვზე გათვლილი ანაზღაურების მოცულობაც - თუ ადრე, ნებისმიერ ფაკულტეტზე, სტანდარტულად იყო 2 250 ლარი, იმ ფაკულტეტსა და სპეციალობაზე, სადაც მეტი ხარჯია, შეიცვალა ერთ ბავშვზე გათვლილი ანაზღაურების მოცულობაც“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, ლექტორების ხელფასი, „რაც თავიდანვე გაცხადებული იყო, თავისთავად ერთ წელიწადში შეიძლება ვერ მიიღწევა“.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოთხწლიან პერიოდში, როდესაც სრულად გადავა უფასო სწავლებაზე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და დაიწყება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეტაპობრივად გაიზრდება ხელფასებიც:
„გამიჭირდება თქმა, რომელ წელს რამდენი იქნება ხელფასი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე, შესაბამისად ყოველწლიურად მოხდება ზრდა, თუმცა ერთ წელიწადში მაქსიმალური თანხა მიღწეული ვერ იქნება“, - დასძინა მან.