
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა.
ვფიქრობ, კარგი მასწავლებლობა მხოლოდ პროფესიული ცოდნით არ შემოიფარგლება - ეს, გარკვეულწილად, ნიჭიცაა, რომელიც ადამიანს ბუნებით უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ბევრი რამის სწავლა შესაძლებელია, მაგრამ თუ არ გიყვარს ბავშვები, ცოდნის გაზიარება და ადამიანების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა, ძნელია, იყო ნამდვილად კარგი მასწავლებელი.
ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსენდება: ფილიპე II-მ ალექსანდრეს მასწავლებლად არისტოტელე დაუქირავა. მოგვიანებით ალექსანდრემ თქვა: „სიცოცხლე მამამ მაჩუქა, მაგრამ სიცოცხლის დაფასება არისტოტელემ მასწავლა.“ ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს ადამიანის ცხოვრებაში. მასწავლებელი მხოლოდ ცოდნას კი არ გადასცემს მოსწავლეს - ის აყალიბებს მის ღირებულებებს, აზროვნებასა და დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ.
მასწავლებლის დაფასება და განათლების პრიორიტეტად ქცევა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მჯერა, რომ ქვეყანა, სადაც განათლება პრიორიტეტია, ძლიერი და წარმატებული ქვეყნის შენების გზაზე დგას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის პროფესიის ღირსეული დაფასება მატერიალურ კეთილდღეობასაც გულისხმობს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. პედაგოგი, რომელიც სკოლიდან გამოდის, უნდა ფიქრობდეს თვითგანვითარებაზე, ახალი ცოდნის მიღებასა და უკეთეს სწავლებაზე და არა იმაზე, ეყოფა თუ არა მისი ანაზღაურება ყოველდღიურ და პირველადი საჭიროებებისთვის.
მე თავად კმაყოფილი და ამაყი ვარ, რომ პედაგოგი ვარ.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო პროფესიული დღე ჩვენს საამაყო პედაგოგებს. მადლობა თქვენ იმ შრომისთვის, თავდადებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენთ ბავშვებისა და პროფესიის მიმართ. მადლობა, რომ მიუხედავად არაერთი სირთულისა, ინარჩუნებთ მოტივაციას, მუდმივად ეძებთ სიახლეებს და ზრუნავთ მომავალ თაობაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, პროფესიულ წინსვლასა და უამრავ წარმატებულ მოსწავლეს!
გილოცავთ პედაგოგთა პროფესიულ დღეს!