„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც ხედავს, მასწავლებელს მისი სჯერა და მისი აზრი მნიშვნელოვანია“-ქოლობნის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია კაპანაძე
05-10-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლის დირექტორის - ნათია კაპანაძის აზრით, სასწავლო წლის წარმატებით დაწყება მხოლოდ სასწავლო პროცესის ორგანიზებას არ გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი გარემო, სადაც მოსწავლე თავს დაცულად და მოტივირებულად იგრძნობს, მასწავლებელს კი შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.

დირექტორის ხედვით, წარმატებული გაკვეთილის საფუძველი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება, მკაფიო მიზნების განსაზღვრა და აქტივობების სწორად შერჩევაა. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლის შრომის დაფასება და მისი შესაძლებლობების რწმენა.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქოლობნის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია კაპანაძე პასუხობს.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

-მომზადება პროცესისთვის, სადაც მოსწავლე თავს დაცულად და მოტივირებულად იგრძნობს, ხოლო მასწავლებელს ექნება მკაფიო მიზნები და მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების საჭიროებების გაცნობა, სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრა, გუნდში თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სწავლის ხარისხს განსაზღვრავს.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

-  განვსაზღვრო მიზანი, შევარჩიო შესაბამისი აქტივობები და მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილი მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ იყოს - მოსწავლემ თავად იმუშაოს, იფიქროს, იმსჯელოს და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლე არა მხოლოდ ისმენს და იმახსოვრებს, არამედ თავად არის სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე. როცა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე აღწევს დასახულ მიზანს, შეუძლია მიღებული ცოდნის გამოყენება, საკუთარი აზრის გამოხატვა და კითხვების დასმა, ჩემთვის ეს უკვე წარმატებული გაკვეთილის მთავარი ნიშანია.

- ჩემი წარმატებული გაკვეთილი იწყება...

- მოსწავლის ინტერესის გაღვივებით - ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ პირველივე წუთებიდან იგრძნოს, რომ ეს გაკვეთილი მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

-მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ ...

- კითხვებს, პრობლემურ სიტუაციებს, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს, დისკუსიასა და ინტერაქციულ აქტივობებს. ვცდილობ, მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს კავშირი სასწავლო მასალასა და საკუთარ გამოცდილებას შორის, რადგან ვფიქრობ, რომ ინტერესით მიღებული ცოდნა უფრო ღრმად და ხანგძლივად რჩება მის გონებაში.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მის შრომას ამჩნევენ და აფასებენ. როდესაც ხედავს, რომ მასწავლებელს მისი სჯერა და მისი აზრი მნიშვნელოვანია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მოსწავლე სწავლის პროცესში საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. როდესაც ცოდნას მხოლოდ ვალდებულებად კი არ აღიქვამს, არამედ ხედავს მის მნიშვნელობას. განათლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის - მთავარია, მოსწავლეს შევუწყოთ ხელი, რომ მან საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოს. თუ სკოლიდან ბავშვი უფრო თავდაჯერებული, ცნობისმოყვარე და უკეთესი მომავლის რწმენით გავიდა, მაშინ ჩვენ მასწავლებლებმა ჩვენი მთავარი საქმე შევასრულეთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203