
ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის - ანა ანდრიაშვილის წარმატებული პროფესიული საქმიანობა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილი საზეიმოდ აღინიშნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
საზეიმო ღონისძიება მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, 2 ოქტომბერს ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი.
მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღონისძიებაზე დაჯილდოვდა ყვარლის N2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ანა ანდრიაშვილი.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს საპატიო სიგელები ასევე გადასცეს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც მოწვეულ სტუმრებს ყვავილებით მიეგებნენ.
შგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: