„ისწავლეთ, იშრომეთ და თქვენი წარმატებებით გაგვახარეთ“ - სასწავლო წლის ლამაზი დასაწყისი სამების საჯარო სკოლაში
05-10-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს. 

15 სექტემბერს, სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაღეს. მათ დასახვედრად დირექტორი მზექალა მინაძე და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ და ბავშვებს გულთბილი მიღება მოუწყვეს. დასამახსოვრებელი დღე იყო ყველასთვის სითბოთი, სიყვარულით და სიხარულით სავსე.

მცირეკონტიგენტიან სკოლაში წელს პირველკლასელი არ ჰყავთ, თუმცაღა იმედოვნებენ, რომ მომავალში პირველკლასელთა ჟრიამულითაც გაიხარებენ. 

მოსწავლეებს დირექტორმა დიდი სიყვარულით მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი, წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.

„ჩემო საყვარელო ბავშვებო, თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოგცეთ განათლება, რომელიც შემდგომში გზას გაგიხსნით მიზნების მისაღწევად. ჩვენთან სწავლება ხომ თითოეულ თქვენთაგანზეა მორგებული, ასე, რომ ისწავლეთ, იშრომეთ და თქვენი წარმატებებით გაგვახარეთ. გვიყვარხართ ჩვენო პატარებო!“,- აღნიშნა დირექტორმა და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს დაჰპირდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203