„AI-დეა - მომავლის სკოლა“- ქუთაისის №12 საჯარო სკოლაში ინოვაციური პროექტი წარმატებით  განხორციელდა
05-10-2026

როგორ გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენი საიმედო ასისტენტი და არა დავალების უბრალო „შემსრულებელი“? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქუთაისის №12 საჯარო სკოლაში მასშტაბური პროექტი „AI-დეა - მომავლის სკოლა“ შედგა.

როგორც სკოლაში ვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი, ეთიკური და ეფექტიანი გამოყენების კულტურის დამკვიდრება, თანატოლგანმანათლებლობის მოდელის გაძლიერება და თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.

პროექტის ფარგლებში მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით 120-ზე მეტი მოსწავლე აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ინტერაქტიულ და პრაქტიკულ აქტივობაში:

მოსწავლე-ტრენერთა მომზადება: აქტიურმა მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგი AI-ს ეთიკაზე, პლაგიატსა და აკადემიურ პატიოსნებაზე, ხელოვნურ ინტელექტთან სწორ კომუნიკაციასა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებაში.

თანატოლგანმანათლებლობა - „AI ჩემს სასკოლო ცხოვრებაში“: გადამზადებულმა მოსწავლეებმა მე-8–10 კლასელ თანატოლებს ჩაუტარეს სემინარები, სადაც პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრეს AI-სთან სწორ კომუნიკაციაზე.

ვორქშოფი პედაგოგებისა და ადმინისტრაციისთვის: „AI სასკოლო პრაქტიკაში, გამოწვევები, ეთიკა და შესაძლებლობები“ - შეხვედრაზე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლობმა და მასწავლებლებმა გაიზიარეს თავიანთი გამოცდილება და იმსჯელეს, თუ როგორ გახადონ AI საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის ეფექტიანი პირადი ასისტენტი.

„ერთად შევქმენით მომავლის სკოლა!“- აღნიშნავენ სკოლაში და დიდ მადლობას უხდიან მოსწავლეთა თვითმმართველობასა და პროექტის ორგანიზატორებს, თანამედროვე, შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203