
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლას, მის ხელმძღვანელსა და პედაგოგიურ გუნდს სკოლის ყოფილი პედაგოგი გიორგი ზამბახიძე მადლობის წერილს უძღვნის.
სკოლის ყოფილი პედაგოგი გიორგი ზამბახიძე სკოლაში გატარებულ ოთხ წელიწადს დიდი სიყვარულით იხსენებს და სკოლის ადმინისტრაციას, კოლეგებსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის.
სკოლის ყოფილი მასწავლებელი განსაკუთრებულად აღნიშნავს სკოლის დირექტორის - მალხაზ სამსონიას მხარდაჭერა. მისი თქმით, დირექტორის ნდობამ მას საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მისცა.
„როცა 4 წლის წინ ძიმითის საჯარო სკოლაში გასაუბრებაზე მივედი, ჯერ კიდევ არ მქონდა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ამიტომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამიყვანდნენ. რეალურად, გასაუბრებაზე მხოლოდ გამოცდილების მისაღებად გამოვცხადდი.
სკოლიდან წამოსულს გზაშივე დამირეკეს და სამსახურში აყვანის შესახებ მამცნეს.
ჩემთვის მოულოდნელი იყო სკოლის დირექტორის, ბატონი მალხაზ სამსონიას, გადაწყვეტილება. მან არჩევანი ახალგაზრდა, მაგრამ გამოუცდელ კადრზე შეაჩერა.
როგორც ჩანს, გასაუბრებისას ჩემში დაინახეთ პოტენციალი და ირწმუნეთ ჩემი შესაძლებლობების - იმ დროს, როცა თავადაც კი არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული საკუთარ თავში.
მადლობას გიხდით, ბატონო მალხაზ, იმდროინდელი გამბედაობისა და ნდობისთვის. ამას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს, რადგან ხშირად ხელმძღვანელები უპირატესობას უკვე გამოცდილ კადრებს ანიჭებენ და ახალბედას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი ნაკლებად ეძლევა.
თქვენ ჩემში აღმოაჩინეთ ის, რასაც მე ჯერ კიდევ ვეძებდი. ამიმაღლეთ თვითშეფასება, მომეცით მოტივაცია, იმედი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დასაფასებელია ისიც, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს გვერდით იდექით და ჩემს არცერთ პროექტს ყურადღების გარეშე არ ტოვებდით. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ასევე, განსაკუთრებული მადლობა დირექტორის მოადგილეს, უსაყვარლეს ხათუნა მასწავლებელს, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, რომ სამუშაო პროცესი ჩემთვის კომფორტული და მოსახერხებელი ყოფილიყო. სწორედ მისი თანადგომით შევძელი, სკოლაში მუშაობის პარალელურად მესწავლა ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე, გავმხდარიყავი ბიოლოგიის მაგისტრი და თანაც მართვის მოწმობაც ამეღო
მადლობა ჩემს თბილ მეგობრებს - თამრიკოსა და მედიკოს, რომლებიც ჩემი განხორციელებული პროექტების, შემაჯამებლებისა თუ ათასი საორგანიზაციო საქმის შეუცვლელი თანამონაწილეები იყვნენ და ყველაფრის ხარისხიანად შესრულებაში ყოველთვის მეხმარებოდნენ.
მადლობა ჩემი კათედრის წევრებს - ნანა და ირმა მასწავლებლებს - გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული რჩევებისთვის.
მადლობა ყველა კოლეგას, მოსწავლეს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ნაწილი გახდა.
მადლობა იმ უამრავი მოგონებისთვის, ემოციისთვის, გამოცდილებისა და იმ პატარა თუ დიდი მომენტებისთვის, რომლებმაც ეს წლები განსაკუთრებულად ძვირფასი გახადა.
სასიამოვნოდ ვიხსენებ მოსწავლეებთან ერთად გატარებულ დროს და არაფორმალური განათლების სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.
2024 წელს ძიმითის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისტი გახდა, 2025 წელს ეკოკლუბის ერთ-ერთი პროექტი „იდეათონში“ მოხვდა, 2026 წელს კი სკოლა STEAM განათლების დასანერგად შეირჩა.
წარმატებებს გისურვებთ, მიყვარხართ და ყოველთვის დიდი სიყვარულით გაგიხსენებთ!“,- წერს გიორგი ზამბახიძე.