
თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის - მაია პავლოვას წარმატებული პროფესიული საქმიანობა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილი საზეიმოდ აღინიშნა.
სექტემბრის ბოლოს გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოთის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ფოთის N1 საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მაია პავლოვა. წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის პედაგოგს მადლობის სიგელთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივის ფარგლებში, ფულადი ჯილდოც გადაეცა.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლის დაფასება და მას კიდევ არაერთი წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„გვინდა, განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნოთ, რომ თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია პავლოვა, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა!
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ფოთის მუნიციპალიტეტისგან წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის ფულადი ჯილდო ქალაქის 15 პედაგოგს გადაეცა.
მაია პავლოვა მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობით, პროფესიული პასუხისმგებლობითა და მოსწავლეთა განათლებისა და აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით გამოირჩევა. მისი საქმიანობა პროფესიული ერთგულებისა და საქმისადმი თავდადების მაგალითია.
ვულოცავთ ქალბატონ მაიას ამ ღირსეულ აღიარებას და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: