„გილოცავთ, ამ დამსახურებულ აღიარებას“ - ავრანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი დარეჯან ანთაძე მომავალი თაობების განათლებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა
02-10-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის პედაგოგ დარეჯან ანთაძის წარმატებული პროფესიული საქმიანობა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილი საზეიმოდ აღინიშნა. 

1 ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ავრანლოს საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო პედაგოგი დარეჯან ანთაძე. რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მადლობის სიგელი გადაეცა. 

„დიდი ოჯახის ბურჯი და თაობების სათაყვანებელი პედაგოგი“,- ასე ახასიათებს პედაგოგს სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი და მას კიდევ არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებს. 

„როგორც სკოლის დირექტორს, განსაკუთრებით მეამაყება, რომ ჩვენს გუნდში ქალბატონი დარეჯანისნაირი მასწავლებელი გვყავს. ის ჩვენი სკოლის დიდი ოჯახის ბურჯი და თაობების სათაყვანებელი პედაგოგია.

ქალბატონო დარეჯან, უღრმესი მადლობა იმ ფასდაუდებელი ამაგისა და სიყვარულისთვის, რომელსაც წლებია უშურველად გასცემთ. მთელი გულით გილოცავთ ამ სრულიად დამსახურებულ აღიარებას!“,- აღნიშნავს მიხეილ ჯაყელი.

პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ კოლეგები. 

„არსებობენ მასწავლებლები, რომელთა გაკვეთილებიც საკლასო ოთახის კედლებს სცდება, ხოლო მათ მიერ გაცემული სითბო და ცოდნა თაობების მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება. ჩვენთვის, თქვენი კოლეგებისთვის, უდიდესი ბედნიერება და პატივია, რომ ყოველდღიურად თქვენ გვერდით ვმუშაობთ და თქვენი პროფესიონალიზმით ვსაზრდოობთ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ თქვენთვის „ღვაწლმოსილი მასწავლებლის“ ჯილდოს მინიჭება არის იმ მრავალწლიანი, თავდადებული და ღირსეული პედაგოგიური საქმიანობის აღიარება, რომელსაც თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლები და უამრავი ენერგია მიუძღვენით.

როგორც თქვენს თანამებრძოლებსა და მეგობრებს საგანმანათლებლო ასპარეზზე, განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენს გვერდითაა ადამიანი, რომლის პროფესიული გამოცდილება, უდიდესი პასუხისმგებლობა და მოსწავლეებისადმი უანგარო სიყვარული საუკეთესო მაგალითია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენ ჩვენი სკოლის დიდი ოჯახის ბურჯი და საიმედო დასაყრდენი ხართ.

ქალბატონო დარეჯან ანთაძე, მთელი პედაგოგიური კოლექტივი, თქვენი კოლეგები, გულითადად გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს და სრულიად დამსახურებულ ჯილდოს!

გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას, სულის მხნეობას, დღეგრძელობას და კიდევ მრავალ წარმატებულ, შემოქმედებით წელს ჩვენს სკოლასა და თქვენს საყვარელ მოსწავლეებთან ერთად.

თქვენი ღვაწლი ჩვენი სკოლის ღირსებაა, თქვენი გამოცდილება - ჩვენი საერთო სიმდიდრე, ხოლო თქვენი აღზრდილი თაობები - ყველაზე ნათელი და წარუშლელი კვალი, რომელიც მასწავლებელმა შეიძლება ამ ქვეყანაზე დატოვოს.

სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით, თქვენი კოლეგები - სკოლის პედაგოგები“,- ვკითხილობთ პედაგოგიური გუნდის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203