„გამარჯობა, აფხაზეთო, ჩემო“ - მულახის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა ემოციური პროექტი და სიტყვები, რომლებიც ისტორიას აცოცხლებს
02-10-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოადგინეს საინტერესო, შემოქმედებითი და ემოციით დატვირთული პროექტი.

პროექტის თემა - გალაკტიონ ტაბიძის „გამარჯობა, აფხაზეთო, ჩემო“ და  გაკვეთილის თემა - სამშობლო, მონატრება და იმედი მოსწავლეებმა დაუკავშირეს 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვისა და 13 დღის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

მოსწავლეებმა შექმნეს თემის გამომხატველი სიტყვები და სლოგანები: „აფხაზეთი - სამშობლო“ „მონატრება“ „იმედი“ „სოხუმი“ „სიყვარული“ „დაბრუნება“.

მათ მხატვრულად წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, ისაუბრეს აფხაზეთზე, სამშობლოს სიყვარულზე, მონატრებასა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა გაკვეთილს მოსწავლეთა თანასოფლელის, ავთანდილ იოსელიანის, ბიოგრაფიის გახსენებამ, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელდინო იობაშვილი.

„ეს არ იყო მხოლოდ ლიტერატურული ტექსტის განხილვა - ეს იყო გაკვეთილი, სადაც პოეზია ისტორიას შეხვდა, სიტყვა - ხსოვნას, ხოლო მოსწავლეთა ხმა - სამშობლოს სიყვარულსა და იმედს.

მულახის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ ისტორიის გახსენება შესაძლებელია არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ ლექსით, სიტყვით, შემოქმედებითა და გულით. „აფხაზეთი - სამშობლო, სოხუმი - მონატრება, იმედი - დაბრუნება, სიყვარული - მარადიული“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203